Saturday, August 27, 2011

ჩემები



მიზიდულობა
 
და განა რამე?
სიამოვნებით დავწვებოდი შენი საწოლის ცარიელ მხარეს.
ისე უბრალოდ სისულელეებს მოგიყვებოდი,
თუნდაც კვადრატულ განტოლებას აგიხსნიდი
და მოძრავი A პუნქტიდან B პუნქტისკენ მიმავალ
მატარებლის მსგავსად შემცირდებოდა მანძილი
სხეულებს შორის.
მოგიყვებოდი თუნდაც ჭორებს საკუთარ თავზე, ეჰ იმდენია.
შენ კი იცინებდი და თავს მხარზე დამადებდი.
გამოზომილი სუნთქვით შენს ყურთან განვიხილავდი
სამი იმპერატორის ომს.
გენიალურ მხედართმთავრებს, დავცინებდი კარის მხატვრებს.
მერე თითებსაც დავატოლებდით, ისე უბრალოდ
მიზიდულობის კანონსაც გაგახსენებდი.
შენ კი ამომხედავდი და მეტყოდი :
-მაკოცე რა..
და განა რამე?
საიმოვნებით დავწვებოდი შენი საწოლის ცარიელ მხარეს.

სახლი
 
როცა  ქალაქში  ნისლი იწვა ოქტომბრის ბოლოს,
სამშობიაროს მოსაცდელში შენ  გერქვა კაცი ,
რომელიც მალე გახდებოდა მამა,-
ან ქვრივი
და სანამ დილით
არ გითხრეს რომ კარგად დასრულდა,
იქამდე ხელი არ გაუშვი პატარა ლოცვანს,
თუმცა ყოველთვის არ იყავი დიდი მორწუნე,
ეკლესიებში ტურისტივით თუ შეირბენდი
და ახლა, როცა მომაკვდავი შვილი  გაცოცხლდა,
ლაზარეს ვარქმევ, იფიქრე და ახალ სალოცავს
შემოუშენე იმედის და რწმენის ბურჯები...
ცხოვრება დღეებს  გიშრის მძივად კინძავდა თქვენთვის.
ცხოვრობდით მშვიდად.ძირს დაყრილი ფოთლების
სევდით ზრდიდი ბავშვს ასე და აჩვევდი ათასგვარ  ფიქრებს.
საღამოობით აკვარიუმის ოქროს თევზებთან
ისხედით ერთად, უყურებდით რომელი მეტად
სწრაფი იყო. ამ დროს კი დედა,ოთახების გულის სიღრმიდან
დაგიძახებდათ-ბიჭებო მოდით.
დეკემბრის ოცში ,როცა სუსხი ტეხდა ღამეებს,
შენ და ლაზარე მოსაცდელში ტკეპნიდით წამებს
ამ დროს კი მათე გაჩნდა რვა თვის. ჯერ არ ელოდით.
ვერ მოიცადა, სულსწრაფობა გამოყვა მამის,
შენ ცოლს კი ფერი შემოდგომის შერჩა სახეზე...
მისი თმებიდან ამოგქონდა სურნელი თაფლის
და მერე ფანქრით გადაგქონდა თეთრ თაბახებზე.
დაბრუნებული  სამსახურიდან ყოველ საღამოს
აკაკუნებდი სახლის კარზე, ძალიან ფრთხილად,
ფიქრობდი, ძინავს პატარას და მერე საწოლთან
დახრილი, ისე ისუნთქავდი მის თოთო სურნელს,
როგორც გაზაფხულს და ალუბლის კვირტდამსკდარ ტოტებს...
ყოველთვის, როცა თმას იშლიდა ოთახში დილა,
გტკიოდა გული და გახრჩობდა რაღაცა შიგნით,
სახელს ვერაფრით უძებნიდი ,სანამ ერთხელაც,
შენმა ცოლმა ჩაძინებულს არ ჩაგჩურჩულა-
ტკივილამდე ბედნიერი ვარ.
 
ძილისპირული ანუ თბილი ლექსი ზამთრისთვის

სულ უბრალოდ რომ ვისხდეთ ახლა
ბავშვობის სახლთან,
სოფლის ძაღლები ჩვენთან ერთად ღამეს ათევდნენ,
მეუბნებოდე- შემოდგომით ცას ახველებს და
ჩვენ ორის გარდა არ ყოლია ამ წელს მნახველი.
ალბათ აურა, სიძველისა შერჩათ ოთახებს
და ბებიის შალს,ნამზითევს და გაცვეთილს ოდნავ,
მხრებზე მოგახვევ...
ბავშვობაში რომ  ჩადრი იყო, ხან ყაბალახი,
ხან ჯოხის ცხენის უნარიგი... ხან რა და ხან რა...
სად გაწვდებოდა ფანტაზიას მაშინ
საზღვრები-
უკვე დიდები მოწყენისგან ყველაფერს ვსაზღვრავთ...
დაძინებამდე მოვყვებოდით ათასგვარ ზღაპარს,
სასაცილოა,
მგონია, რომ აღარ ვიზრდებით-
ჩამჩურჩულებდი სამეფოდან ნახევრად ძილის.
ნუ გეშინია,
ჩვენ სულ ერთად,სულ ერთად ვივლით
დაგამშვიდებდი და შენს  წილ ძილს ჩავეკრობoდი.
ჩურჩხელებივით ჩატკბებოდნენ ჩვენი სიზმრები
შეჭირხლულ კედლებს დაუვლიდა ბუხრიდან სითბო...
***************************************************
ხანდახან როცა, წვიმს ქალაქში ,მცივა და ვფიქრობ-
სულ უბრალოდ რომ ვისხდეთ ახლა…
ბავშვობის სახლთან...

გავივლით ჩვენც და


გაივლის წლები, წლებს ვინ ჩივის გავივლით ჩვენც და
დარჩება ისევ შემოდგომა,დარჩება ფიქრი,
რომ რაღაც ისე არ დამთავრდა დაიწყო როგორც
ან არ დაიწყო ისე როგორც საჭიროდ თვლიდი.
დარჩება სახლი,დაკეტილი ფანჯრები, მტვერი
და ფილაქანზე მოფანტული ფოთლები მწკრივად.
ბაღის სიღრმეში ჩაკარგული პატარა სკამი
აივნის ფიცრის ჭრიალი და ნოემბრის წვიმა.
გაივლის წლები,წლებს ვინ ჩივის გავივლით ჩვენც და
დაგვრჩება ისე აქა-იქა წარსულზე ფიქრი,
რომ რაღაც ისე არ დაიწყო ,დამთავრდა როგორც
ან არ დამთავრდა ისე როგორც საჭიროდ ვთვლიდით. 


სიჩუმის აღთქმა
 
ასე მგონია, მელოდები რომ რაღაც გითხრა
და პასუხები დავახვედრო შენს ნასროლ კითხვებს.
წუხელ, ღრუბლები ჩამოვიდნენ მიწაზე ციდან
და ჩვენი ქუჩაც გუბე-ღილებს ბავშვურად იხდენს…

მეც შევალეწე ქარის წისქვილის ჯიუტად ფრთები…
გაგეცინება და მებრძოლი ვიყავი ერთ დროს…
ახლა, ჭრილობებს, რომ მიხვევენ მაშინღა ვდგები,_
საწოლიდან და ჩემს ოთახსაც ვერაფრით ვერ ვთმობ.

გაგიკვირდება და დაკარგვა დამჩემდა ხალხის…
პოეტობა კი, ნიჭზე მეტად წყევლაა ვფიქრობ ...
ზიხარ და განცდილ ემოციებს ფურცელზე თხაპნი,
ტკივილზე წერაც გსიამოვნებს და თავსაც ირთობ…

ისევ გგონია, რომ სათქმელი რაღაცა დამრჩა ,
რომ მოვალ ჩუმად,მოგიყვები,ჩვენზე ძველ ამბებს…
ის კი  არ იცი , ჩევნ ორს შორის სიჩუმის აღთქმა
დაგასწარი და მე პირველმა, შენამდე დავდე.




მარი თინაშვილი

Wednesday, August 10, 2011

game over


ზეფირი მახსოვს სასწაულივით ბავშვობიდან.
მაშინ როცა მშიერი   90 იანები იყო,ყველა სახლიდან ნავთის სუნი გამოდიოდა
და ორ დღეში ერთხელ ჩართული ტელევიზორი  იუწყებოდა როდის და სად ვკარგავდით ქალაქებს, ჩემი მეზობელი ზეფირებს "აცხობდა " ( თუ აკეთებდა).სამი ფერის იყო ეს ჰაეროვანი მასა :-  ყვითელი,ვარდისფერი და თეთრი. სუნი კიდევ ისეთი გემრიელი ჰქონდა , გაიძულებდა რომ ფანჯრიდან გადაპარულიყავი და მაგიდაზე გასაციებლად დაწყობილი სასწუალები პირისკენ გაგექანებინა.
მე არასდროს გადავპარულვარ ფანრჯიდან, თუმცა ბერვჯერ წარმომიდგენია როგორ ვაკთებედი ამას.
მერე ნელ -ნელა შუქმაც იმატა ფანჯრებში და მარიოც გამოჩნდა რუბინის ძველ ეკრანებზე.ვთამაშობდი და ვთამაშობდი,მივრბოდით მთელი ჩემი თაობის ბავშვები პრინცესას გადასარჩენად და ბოლოს ხელში ან გაუვლელი მანძილი ან რაღაც მახინჯი არსება გვხვდებოდა და გვებნებოდა :game over.
ჩვენ კი ჯიუტად ვიძინებდით და სიზმარშიც გავრბოდით.
სირბილის მანია ჩემს თაობას სისხლში აქვს უკვე, გავრბივართ ქალაქიდან, ქვეყნიდან, ადამიანებისგან,ყველაზე მეტად კი ჩვენი თავებიდან გავრბივართ, რადგან ჩვენივე თავის  გვრცხვენია აუხდენელი ოცნებების , შეუსრულებელი დაპირებების და ვერ გასინჯული ზეფირების გამო. გავბრივართ რომ თავები გადავირჩინოთ.
შარშან გავსინჯე ყვითელი ზეფირები და გავიფიქრე რომ სასწაულებსაც ეკარგებათ გემო.