Tuesday, April 24, 2012

მადლობა ბატონო დისნეი

საქართველოში 90 - იანი წლები როგორი იყო არავის ესწავლება, მითუმეტეს იმ თაობის წარმომადგენლებს რომლებსაც ტურბოსა და ლოვე კევების გემო საოცნებო გვქონდა და ტელევიზორში ომისა და მიტინგობანას მეტს ვერაფერს ვხედავდით.. თუმცა ერთხელაც ,ეკრანები ნახატმა ფილმებმა დაიკავეს. ხომ გახსოვთ როგორ ამოვრბოდით ეზოდან რომ მემილიონეჯერ გვეყურებინა "მეფე ლომისთვის "? გავბრაზებულიყავით სკარზე .. სიმბას დაობლებლის გამო ცრემლები ჩუმად გვეყლაპა? ვოცნებობდით , რომ გვქონოდა მფრინავი ხალიჩა და ისე გვემოგზაურა დედამიწის გარშემო , როგორც ალადინი და ჟასმინი დაფრინავდნენ? ან თუნდაც წყალქვეშა სამყარო დაგვეთვალიერებინა არიელთან ერთად..გადავსახლებულიყავით ნევერლენდიაზე პიტერთან და ვენდისთან , გვეცხოვრა ტყეში და გვებრძოლა მეკობრეების წინააღმდეგ .. ვოცნებობდით , როგორმე მოელბო ურჩხულის გული მზეთუნახავს და ისევ გადაექცია ლამაზ პრინცად.. ეხლაც მახსოვს, როგორ ვგულშემატკივრობდი მულანს, როცა ომში მიდიოდა მამის ნაცვლად...მოკლედ ეს ჩვენი ლამაზი სამყარო იყო, ლამაზი ნახატი სამყარო, უამრავი ფერითაა და ფანტაზიით სავსე. სადაც შეუძლებელი არასდროს არაფერი ყოფილა. ამ ყველაფრისთვის კი, ყველა განცდისთვისთვის რომელიც უკავშირდება ჩვენი ბავშვობის მულტფილმებს მადლობა ბატონი დისნეი.

Sunday, April 15, 2012

იყო და არა იყო რა , იყო აღდგომა

ბავშვობაში, განსაკუთრებულად მიყვარდა აპრილის რამდენიმე დღე. ამ დროს სოფელში ავდიოდით, სადაც ბებია დიდ ქვაბში ჩემთვის ამოუხსნელ მცენარეებს ყრიდა ხახვის ფურცლებთან ერთად და რაღაცა ჯადოსნობით ქვაბში ჩაწყობილი თეთრი კვერცხები ფერს იცვლიდნენ. კვერცხებს მწვანილის ფოთლებსაც აკრავდა და ყველას სხვადასხვა მოხატულობა ჰქონდა. ქვაბიდან ამოღებული წითელი კვერცხები შრებოდნენ და მეც დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი, რომელი ამომერჩია. კვერცხის ამორჩევა ერთი დიდი რიტუალი იყო.. მას მთელი უბნის ბავშვების კვერცხები უნდა ჩამემტვრია, ამიტომაც ამ საქმეს დიდი გულისყურით ვეკიდებოდი.მას შემდეგ რაც ამ ამბავასაც მოვაგვარებდი , სახლში შეევარდებოდი, პასკის ნაჭერს დავავალებდი ხელს და ჯიბეში ჩაწყობილი კვერცხებით გავრბოდი გარეთ.. სანამ საფლავებზე ავდიდოდით ჯერ უბანში მიდიოდა ჭახა-ჭუხი და გამარჯვებულ დამარცხებულის გარკვევა.ზოგჯერ ჯიბეცარიელი ვბრუნდებოდი სახლში, ზოგჯერ ნაალაფარი დამტვრეული კვერცხებით ჯიბედატვირთული.მოკლედ ასე იყო თუ ისე , ეს დღეები ჩემთვის დღესასწაული იყო. იმისდამიუხედავად ,რომ არ ვიცოდი  ვინ აღსდგა, რატომ აღსდგა და რატომ ზეიმობდა ყველა. ჩემთვის ღმერთი და ქრისტე რომელსაც კარგა ხანს ერთიანობაში მოვიაზრებდი ერთი კეთილი კაცი იყო.. მეტი არაფერი ვიცოდი და დიდად არც ვინტერესდებოდი.. მეც და ჩემი ჯოხის ცხენიც , გოგობიჭებთან ერთად სოფლის სასფლაოზე დავრბოდით საფლავიდან საფლავზე. ოჯახიდან ოჯახზე, ნათესავიდან ნათესავზე და გვიყვარდა ერთი დღით გაცოცხლებული სასფლაო.
ახლა ბებია აღარ ღებავს კვერცხებს... ახლა ვიცი რომ ენდროს ფასი 50 თეთრიდან 2 ლარამდე მერყეობს (ადგილს გააჩნია, პრესტიჟულ უბანში უფრო ძვირია ) ახლა აღდგომა იმიტომ მიყვარს რომ შემიძლია მოვწყდე სამსახურს და დავისვენო,ახლა ჯოხის ცხენი მართლა ჯოხისაა სადღაც უკანა ეზოში მივიწყებული გდია, ახლა დედა ღებავს წითელ კვერცხებს რომ ბაბოს და ჩვენების საფლავებზე ავიტანოთ. ახლა მეზარება საფლავიდან საფლავზე გადასვლა და ერთი და იგივე ფრაზებით ადამიანების მოკითხვა. ახლა აღდგომა ერთი დიდი მოგონებაა რომელიც წლიდან წლამდე მტკივა, საფლავების სიმრავლის გამო. მიუხედავად ამისა, გილოცავთ ყველას. ისეთ აღდგომას როგორიც ეს თქვენს შეგნებაშია. ზოგისთვის ერთი კეთილი კაცის ამბავს, ზოგისთვის მარხვის გახსნილებას, ზოგისთვის ჭეშმარიტების გზას და ა.შ. 

Thursday, April 12, 2012

ჩემი ბავშვობის წიგნები



არ ვიცი , რატომ გადაწყვიტა დედაჩემა რომ ჩემთვის ( 3 წლის ასაკში ) "შვლის ნუკრი" წაეკითხა. მახსოვს , როგორ განვიცადე ნუკრის დაობლება და რამდენიმე დღე ყოველ გახსენებაზე ვტიროდი. შედეგად მივიღეთ ის რომ წიგნი სასწრაფოდ შემოდეს ყველაზე მიუწვდომელ თაროზე, იმიტომ რომ მისი დანახვაც კი მზაფრავდა. ჩემი აზრით ემოციური ბავშვისთვის მოსარიდებელია მსგავს თემატიკის ნაწარმოებები. თუმცა ეს ყველაფერი არ იყო.. უკვე წამოზრდილს შემაჩეჩეს ხელში "ბიძია თომას ქოხი." იმდენად მძიმე იყო ეს წიგნი რომ გონებამ არც დაიმახსოვრა მისი შინაარსი, თუმცა მძიმე ემოცია რაც ამ წიგნს უკავშირდება კარგად მახსოვს. მესამე და ასევე საკმაოდ მძიმე იყო მოთხრობა  : " ვანო და ფრინველები " არ მახსოვს ვისი მოთხრობა იყო, თუმცა წიგნს სადაც ეწერა "ბიჭო ვისი ხარ მალხაზო " ერქვა ) . მოკლედ ,ამბავი იმაზეა , რომ პატარა ვანო მიდის ქალაქში სასწავლებლად და ენატრება დედა.  მასთან  მოკითხას ფრინველებს აბარებს და ეუბნება წაიყვანონ ქალაქიდან...იმდენად მეცოდებოდა ეს ვანო რომ ცრემლებს ვერაფრით ვერ ვიკავებდი .. აი , ამ წამს გამახსენდა უმძიმესი მოთხრობა " თინას ლეკური " ... ამბავი მოხუც ქალზე , რომელიც ობლებს ზრდის და მიდის ქორწილში , რომ იქნებ და რამეს გამორჩეს ობლებისთვის. სადაც ცეკვის დროს იღუპება კიდეც :/ :/
მგონი საკმარისია მძიმე ემოციები და დადებითისკენ გადავინავცლო სჯობს.. ყველაზე სასიამოვნო წიგნად მახსოვს, ყველაზე უცნაური რამ რაც იმ პერიოდში შეიძლებოდა ხელში ჩავარდნოდა ადამიანის : " დედა,მამა, რვა ბავშვი და სატვირთო მანქანა ". კარგად არ მახსოვს მთელი შინაარსი წიგნისა, თუმცა მახსოვს რომ ერთხელ ბებია ესტუმრათ და ვინაიდან ,მისი მოსათავსებელი ადგილი არ ქონდათ პატარა ბინაში ,გადაწყვიტეს ჭაღზე დაეძინებინათ.. წიგნის შუაში სადაც ირკვეოდა ,ვინ და რატომ გაიტაცა ოჯახის სატვირთო მანქანა რამდენიმე ფურცელი ამოხეული იყო. მახსოვს რამდენს ვფიქრობდი ვინ იყვნენ დამნაშავეები. მოკლედ რომ მქონდეს ამ წიგნს კიდევ ერთხელ სიამოვნებით გადავიკითხავდი..
რაც ჩემით დავიწყე საკითხავი ლიტერატურის შერჩევა გადავედი ინდიელებზე, მეკობრეებზე, შერლოკ ჰოლმსზე (რაც დარწმუნებული ვარ უამრავი ბავშვის საყვარელი პერსონაჟი იყო ) ჟიულ ვერნის სათავგადასავლო წიგნები ხომ საერთოდ სხვა განზომილებაში მისვრიდა... რამდენჯერ დამთენებია მათი კითხვისას, რამდენჯერ მინატრია მოხვედრა ნაუტილუსზე კაპიტან ნემოსთან ერთად, ან თუნდაც უკაცრიელ კუნძულზე ხეტიალი...
მიუხედავად იმისა რომ ბევრი საყვარელი წიგნი მქონდა, გამორჩეულად მაინც ტომ სოიერის თავგადასავალი მიყვარდა. პირველად, 6 წლისას წამიკითხა დედამ.. და მას შემდეგ ერთი სული მქონდა კარგად მესწავლა კითხვა რომ მისთვის თავი აღარ მომებეზრებინა და ჩემით შემძლებოდა ამ სისქე წიგნთან გამკლავება.. მგონი კითხვა ტომის ხათრით ვისწავლე )).
არ ვიცი რამდნჯერ მაქვს წაკითხული,მაგრამ ფაქტია წიგნს ყდა აღარ აქვს, ფურცლებიც დათხელებულია. (არადა წიგნის მოვლა არავისგან მესწავლება, უბრალოდ კითხვაში შემომაცვდა. ) აქ ყველაფერი იყო რაც მიყვარდა. თავგადასავლები, გამოქვაბულები, გამოცანები, სიცელქე, ინდიელი ჯოც კი იყო..ხანდახან ეხლაც სიამოვნებით ვიხსენებ ხოლმე პირველ სიტყვებს
- ტომ!
პასუხი არ არის.
- ტომ!
პასუხი არ არის.
- რა დაემართა ამ ბიჭს? ტომ!..
და გრძელდებოდა ამბავი მურაბის ქურდ ბიჭზე ძალიან ჩამთრევად.
მეორე ჩემი საყვარელი წიგნი , საოცარი საჩუქარი იყო ჩემთვის. 1989 წელს (როცა 2 წლის ვიყავი ) დედამ "პიტერი და ვენდი " მომიტანა. მაშინ არ ვიცოდი ვინ იყო ბიჭი რომელსაც არ უნდოდა გაზრდა, არც მისტერ და მისის დარლინგებზე მქონდა არანაირი წარმოდგენა,მაგრამ როცა კითხვა დავიწყე ( და ტომ სიერიც გადაზეპირებული მქონდა ) ჩემი პირველი ფენტეზი წავიკითხე.. ალბათ ,ნებისმიერი ბავშვის საოცნებო წიგნი ასეთი უნდა იყოს.. ნევერლედი, პატარა სამყარო რომელიც სავსეა დაკარგული ბიჭებითა და მეკობრეებით, იდოელებითა და ქალთევზებით, ფერიებით და ცხოველებით. მოკლედ საოცნებო ადგილია ნამდვილად და მეც ისე შემიყვარდა ეს საოცნებო ადგილი რომ მეტი აღარ შეიძლება..
დღემდე მომყვებიან, ტომიც, ჰეკიც, პიტერიც, ვენდიც, ბასკერვილების ძაღლის შიშიც, გაურკვევლობა სატვირთო მანქანის გამტაცებელბის მიმართ , პრერიებში გაშლილი ვიგვამების მონატრება, მოკლედ წიგნების ის საოცარი სამყარო, რომელიც მილამაზებდა ბავშვობას 90 იანი წლების მძიმე პერიოდში და მადლობა მათ ავტორებს. წერო დიდებისთვის ალბათ რთულია,მაგრამ ბავშვებისთვის წერო ბევრად უფრო რთულია.

Tuesday, April 10, 2012

ყველას, როცა ის პატარა იყო




საცხოვრებელი ადგილი : B 612
საყვარელი საქმიანობა : მზის ჩასვლის ყურება და ვარდის მოვლა.
აუცილებელი საქმიანობა : ბაობაბებისგან პლანეტის გაწმენდა
დამახასიათებელი თვისება : უყვარს კითხვების დასმა და იმეორებს მათ, სანამ პასუხს არ მიიღებს.
სასურველი ცხოველი : ბატკანი

და ა.შ
ალბათ, ასეთი იქნებოდა პატარა უფლიწულის cv , ვინმესთვის მისი გაცნობა რომ მომენდომებინა .. მაგრამ მე მინდა გაიცნონ კი არა შეუყვარდეთ, ამიტომაც სხვანაირად დავიწყებ .
„ოდესღაც, უხსოვარ დროში, ცხოვრობდა ერთი პატარა უფლისწული. იგი ცხოვრობდა ერთ პატარა პლანეტაზე და ძალიან უნდოდა ჰყოლოდა მეგობარი...“ ამიტომაც, დატოვა თავისი ლამაზი პლანეტა და სამოგზაუროდ გაეშურა. ასე მოხვდა დედამიწაზეც.. საჰარის უდაბნოში სიარულისას მიადგა წიგნის ავტორსაც, რომლეც ავარიულად დაეშვა თვითმფრინავის გაუმართაობის გამო..
- თუ შეიძლება... დამიხატე ბატკანი! "
ასე გაიცნეს ერთმანეთი პატარა უფლისწულმა და მფრინავმა.. და ამის შემდეგ, ყველა ადამიანს,რომელიც მაშინაც პატარად დარჩა როცა დიდად იქცა , ერთი კითხვა არ აძლევს მოსვენებას " ხომ არ შეჭამა ბატკანმა ყვავილი ?"
ყვავილი კი რომელიც უფლისწულმა თავის პლანეტაზე დატოვა ,ისეთი ჭირვეული იყო როგორც ზოგადად ყვავილები არიან ხოლმე. ამიტომაც "რასდროს არ უნდა მოუსმინო ყვავილებს, მარტო მათი ცქერით და სურნელებით უნდა დატკბე..."
თუმცა პატარა უფლისწულის ყვავილი მოშინაურებული იყო. "შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე. ვალდებული ხარ იზრუნო შენს ვარდზე... ადამიანებმა დაივიწყეს ეს ჭეშმარიტება, მაგრამ შენ არ უნდა დაივიწყო იგი."
მოშინაურება კი მელიამ ასწავლა რომელიც მფრინავამდე შეხვდა პატარა უფლისწულს..
თუმცა ერთ ღამესაც გაქრა პატარა უფლისწული." მე მწამს, რომ იგი დაბრუნდა თავის პლანეტაზე, რადგან რომ ინათა, მისი სხეული ვერსად ვიპოვე. ის ხომ არც ისე მძიმე იყო.." წაიყვანა თავისი დახატული ბატკანი და დაუბრუნდა ყვავილს, რომელსაც ისევ ისე მოუვლიდა და ბაობებაბისგანაც კვლავ გაწმენდდა თავის პლანეტას. თუმცა , გთხოვთ : "
 თუ ოდესმე აფრიკის უდაბნოში იმოგზაურეთ. ამ ადგილას თუ გაიაროთ, ნუ აჩქარდებით, შეჩერდით ერთ ხანს. სწორედ აქ, ამ ვარსკვლავის ქვეშ. და ყმაწვილი თუ დაინახოთ, რომელიც იცინის, შეკითხვაზე პასუხს არ იძლევა და ოქროსფერი თმა აქვს, უთუოდ მიხვდებით, ვინც არის იგი. და თუ ეს მოხდა, გთხოვთ მანუგეშოთ-შემოატყობინოთ, რომ იგი დაბრუნდა...