Tuesday, February 23, 2016

იდინე, ცრემლო, ანუ ტრავერნერი საოცრებათა ქვეყანაში





გთხოვთ, ნუ დაუძახებთ პოლიციელს. მთელი წიგნი ისედაც სავსეა ფილიპ დიკის თითის ანაბეჭდებით. ფურცლიდან ფურცელზე ახალ-ახალი რეალობები გვხვდება და  ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება, რომ მხოლოდ გაძლიერებულ ძრავიანი ქვიბლით თუ შეძლებ დაეწიო. მსხვრევადი  სამყაროები, ილუზიები, მაღალტექნოლოგიური გაჯეტები, გენეტიკურად გაუმჯობესებული ადამიანები, ნარკოტიკები, ანუ ყველაფერი ის, რაც ასეთი დამახასიათებელია მეოცე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტისთვის.
„იდინე. ცრემლო, -თქვა პოლიციელმა„ 1974 წელს გამოიცა და ამერიკის ახლო მომავალზე მოგვითხრობს. თუ თქვენ იმედი გაქვთ, რომ რომანში რაიმე ლოგიკურ ხაზს მიაგნებთ, ძალიან ცდებით. აქ ერთი დიდი არეულობაა. 1988 წლის ამერიკაში საზოგადოება და მთავრობა რამდენიმე ნაწილადაა გაყოფილი. საპოლიციო რეჟიმი აკონტროლებს ყველას და ყველაფერს. დაწყებული მარსის და მთვარის კოლონიებიდან-დამთავრებული დედამიწის მივარდნილი კუნჭულით. აჯანყებული სტუდენტები საბოლოოდ შრომა-გასწორების ბანაკებში ხვდებიან. შავკანიანებს, კი უბრალოდ კლავენ, ან  სტერლიზაციას უკეთებენ. ასეთია სამყარო, სადაც წიგნის მთავარი გმირი -ჯეისონ ტრავერნერი ცხოვრობს.  ის ცნობილი პოპ მომღერალი და სატელევიზიო შოუს წამყვანია, რომლსაც მილიონობით მაყურებელი აღმერთებს. ჯეისონი ბედის ნებიერიაა. აქვს ყველაფერი რაც სჭირდება: ფული, სახელი, დიდება, საყვარელი ქალი  და რაც მთავარია- ის ექვსიანია. გენეტიკურად გაუმჯობესელი ადამიანი, რომლებიც სპეციალურად შექმნეს რომ ქვეყნის სათავეში მოსულიყვნენ. თუმცა, მას შემდეგ რაც პროექტი ჩავარდა, ექვისანებს დევნა დაუწყეს. ჯეისონი კი  გადარჩენილი ექვსიანია, არასდროს ეცემა ზურგზე. მისი ტვინი პანიკის ნაცვლად გამოსავლის ძიებაზეა ორიენტირებული, თუმცა ექვსიანსაც უჭირს გამოსავლის მოძებნა, როდესაც ერთ დილით საკუთარი აპარტამენტების ნაცვლად, ერთი ბინძური სასტუმროს ოთახში იღვიძებს. მისი ყველა დოკუმენტი გამქრალია. ერთადერთი რაც დარჩა ფულია. 11 ოქტომბერს ჯეისონ ტრავერნერი  სახელგანთქმული ადამიანი იყო, 12 ოქტომერს კი -აღარავინაა. მისი  დოსიე მატრიცის ყველა ბანკიდან ამოშლილია, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა კი უბრალოდ არ არსებობს.  ტავერნერს   სასწრაფოდ სჭირდება რაიმე საბუთი რაც მის ლეგალურ არსებობას დაადასტურებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია დაიჭერს და შრომა-გასწორებით ბანაკში გააგზავნის, სადაც რომელიმე წარუმატებელი ექსპერიმენტის დროს მოკვდება. ხუთი ათასი დოლარით კი, რაც მას აქვს, შეუძლია ერთი გამოსავალი მონახოს - ყალბი დოკუმენტები.  სწორედ ამ დროს იწყებენ წიგნის საუკეთესო პერსონაჟები გაცოცხლებას: კატი ნელსონი, რომლისაც ქმრის სიკვდილი ვერ დაუჯერებია და საკუთარ რეალობაში აცოცხლებს. რუთ რეი, რომელიც  საოცრად ჰგავს თამბაქოს მოყვარულ მუხლუხოს კეროლის ალისადან.  ტყუპი და ძმა ელისი და  ფელიქს ბაქმანები. რომლებიც ჩემი აზრით რომანის  მთავარი ფიგურები არიან. ელისი კი უფრო მეტადაა წიგნის მთავარი გმირი, ვიდრე ჯეისონი, იმიტომ რომ „ტავერნერიც და ჩვენც ყველანი  თქვენი დის (ელისის )  წარმოსახვით სისტემის ნაწილი გავხდით  და მასში  ჩათრეული აღმოვჩნდით… ერთდროულად ორი სივრცე დავიკავეთ- ერთი რეალური, მეორე-არარეალური.  რეალობა კი ერთია“.
  დიკი თავის საყვარელ თამაშს გვთავაზობს: მიუხედავად იმისა, რაც შენს თავს ხდება ნამდვილია თუ მხოლოდ შენს გონებაში ხდება, ის მაინც რეალობაა. თავისი რეალური  პრობლემებით რომელსაც უნდა გაუმკლავდე. და რათქმაუნდა ალუზიები, , რომლებითაც სავსეა წიგნი  ( კეროლის „ ალისა , ბიბლია : „ იგავი ფილიპე დიაკონისა და ეთიოპიელი საჭურისის შესახებ და ა.შ.)
მიუხედავად იმისა, რომ „იდინე, ცრემლო“ დიკის საუკეთესო რომანი არ არის და ლაფსუსებიც მრავლად გვხვდება (განვითარების გარეშე მიტოვებული პერსონაჟები, მწყობრი დიალოგების უქონლობა, უმეტაფორობა, დაუცველი სტილისტიკა), ნამდვილად ღირს წაკითხვად. ეს „შავი ზღაპარი“ არ არის ერთ კონკრეტულ ამბავზე. ეს არის წიგნი დეტალებზე, სადაც წიგნის პერსონაჟები ტირიან იმის გამო რაც დაკარგეს. თუმცა, შეიძლება ესეც ისეთივე ილუზია იყოს, როგორც  რომელიმე არარსებულ  სამყაროში ნარკოტიკ  KR-3  დახმარებით დაწერილი რევიუ.