Saturday, August 31, 2013

როგორ გავატარე ზაფხული



მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, ვისთვისაც პირველი სექტმებერი სკოლის  დაწყებასთან ასოცირდებოდა.  პირველივე გაკვეთილზე  მასწავლებლები ერთ მარტივ თემას გვაწერინებდნენ  :"როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები ". ზუსტად ვიცი, ბევრი ჩემი კლასელისთვის მთელი ზაფხული ამ თემისთვის მზადება იყო. წერდნენ და წერდნენ, მთას, ზღვას , ბარს, უცხოეთს და ა.შ. მართალია, ზღვა და მთა არც მე მაკლდა , მაგრამ ყველაზე მეტად  მინდოდა ჩემს სოფელზე დამეწერა. ამის ნაცვლად კი ვწერდი ბორჯომზე ,  ურეკზე, ნავით სეირნობაზე ,  აბა პირველი სკოლის მოსწავლე იმაზე ხომ არ დავწერდი  როგორ მიშავდებოდა თითები წენგოსგან ,როგორ დავყვებოდი პაპაჩემს ტყე-ღრეში, ან  გახვითქული  როგორ დავსდევდი ხუთ ნომრიანი მაისურით ბურთს ?
ხვალ პირველი სექტემბერია , ჰოდა ვზივარ და არ არსებულ მასწავლელბელს თემას ვუწერ ,თემას  რომელიც ყოველთვის მინდოდა დამეწერა .
წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს  8-9 წლის ქალაქელი ბავშვისთვის დოღის ნახვა?  მთელი ღამე ძილ-ღვიძილში გავატარე. ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა და კოდის თავზე  გავიქცეოდი. სწორედ იქ იმართებოდა დოღი. მანამდე ამ სიტყვის მნიშვნელობა იმ სათავგადასავლო წიგნებიდან ვიცოდი ,მთელი ბავშვობა რომ ვკითხულობდი. ეხლა კი საშუალება მქონდა ეს ყველაფერი ჩემი თვალით მენახა. მართალია, აქ არც პრერიები იყო და არ ინდიელები ,მაგრამ იყო ბევრი ლამაზი ცხენი.  ვუყურებდი და ვოცნებობდი ,რომ ერთ დღეს მეც მოვექცეოდი უნაგირზე და პირველი მივიჭრებოდი ფინიშთან. შემომეხვეოდნენ გულშემატკივრები, მე კი ვიდგებოდი ჩუმად, გავიღიმებდი და ცხენს მოვეფერებოდი კისერზე. ( ეს ოცნება ჯერ კიდე არ ამისრულებია )
დოღიდან გამობრუნებული ბიძაშვილ-მამიდაშვილ -დეიდაშვილები ანუ ერთი უბნის ბევრი ბავშვი, ვეშვებოდით ჩვენი სტადიონისკენ. "სტადიონი" გვქონდა ცოტა უცნაური: ცალ მხარეს დამრეცი. ბედი მისი ვისაც დამრეც მხარეს უწევდა კარში ჩადგომა - ბურთი თავისით მიგორავდა , შენ უბრალოდ უნდა გაკიდებოდი და გეკონტროლებინა , მოწინააღმდეგეს არ წაერთვა. გადიოდა და გადიოდა გოლები კარში  . მეორე ტაიმში კი მდგომარეობა იცვლებოდა , ახლა მეორე გუნდი აგებდა კოლოსალური ანგარიშით თბილისი დინამოსავით .
 სირბილისგან გასავათებულები, იქვე ჩვენს ბლოკებზე მივეყრებოდით, ჩვენი თქო იმიტომ ვამბობ რომ დედაჩემს სახლის აშენება უნდოდა და" სტადიონის" ახლოს   მოტანილი იყო სამშენებლო მასალა.  გავწვებოდით გრილ  ბლოკებზე და ავყურებდით ცას. ამასობაში მშობლებიც დაგვიძახებდნენ  და დროებით ვიშლებოდით. მე ბაბო მეძახდა ხოლმე. არდადეგებზე მას ვყავდი  მიბარებული.  შევიდოდი სახლში ქოშინით და მხვდებოდა  ხის მაგიდაზე დაწყობილი: ახლად გადაზელილი სულგუნი, რძე ჭიქით. ნახევრად შემთბარი ხაჭაპური  და კაკლის მურაბა . ბებიაჩემმა აიჩემა კაკლის მურაბა გიყვარსო და ყოველ ზაფხულს  აკეთებდა .ოღონდ მე არ მაკარებდა კაკალს  "წენგოთი მოგესვრება თითები  ბაბო და სირცხვილია ამ ხელებით სკოლაში მისვლაო " . ლებნებსაც თვითონ მირჩევდა, ფართუკის ჯიბეში მიგროვებდა და ერთიანად მაძლევდა. ყველა შვილიშვილს ხომ გონია რომ ის უფრო უყვართ ვიდრე დანარჩენები  , მე კიდევ ამაში დარწმუნებული ვიყავი. . არ მახსოვს რომელიმე რამეზე გამბრაზებოდეს. პირიქით, პაპასთვის ჩემი მიტანილი წყალი ყველაზე გემრიელი იყო. ბაღის ბოლოდან მეძახდა ხოლმე, მეც მივრბოდი და მერე გაბრწყინებული  სახით ვისმენდი : "უფ, უფ რა გემრიელია და ცივია ს"..
 ლამის თვალი რომ ამოვიგდე ბიძაშვილთან ხმალაობისას და სისხლში ვცურავდი ,  მაშინაც არ გამბრაზებიან. ისევ ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ ბავშვი როგორ დატოვე უყურადღებოდო.
 ვცხოვრობდით ასე ზაფხულით  წლები.. ნელ-ნელა კაკლის მურაბა სულ გადამიყვარდა, ადრე თუ კოვზით დამდევდა ხოლმე ბებიაჩემი"  ჭამე , ჭამეო"  მერე იმასღა მეუბნებოდა "შენ გზას გამოვუყურებ ბაბო, რო გექნება დრო და მოიცლი ამოდი ხანდახანო ". ახლა მე ამქონდა ხოლმე მათთვის კამფეტები. მაგრამ უფრო და უფრო იშვითად ვიცლიდი : სტუდენტობა, სამსახური, მეგობრები, გართობა. ზაფხულობით უკვე იმაზე ვფიქრობდი ზღვაზე როგორ დავისვენებდი და არა იმაზე, როგორ არ დამსვროდა თითები წენგოთი. შარშანწინ ბოლო ზამთარი იყო როცა ახალ წელს ჩვენთან ჩამოვიდა ბაბო. სამსახურიდან დაბრუნებულს  ჯოხზე აცმული და სამზარეულოში გასაფენად გამწკრივებული ჩურჩხელები დამხვდა. "აიო, შენ რომ გიყვარსო ბაბოო სიურპირზიაო "-იდგა და მიღიმოდა. მე ვიდექი გაშეშებული, ვყლაპავდი ცრემლებს და ვცდილობდი გამეღიმა.. რამდენიმე დღეში სოფელში წავიდა. წავიდა და თან წაიყოლა ჩემი ბავშვობის ყველაზე ლამაზი მოგონებები .  დაუწერელი თემები, ფართუკში ჩარჩენილი კაკლის ლებნები,მჟავე ვაშლისა და რძის სუნი.
იშვითად ვფიქრობ ხოლმე რომ რაღაც დამთავრდა. უფრო მგონია, ისევ იქაა , ჩემს გზას გამოყურებს, შორიდანვე მხედავს როგორ ავდივარ აღმართზე, თვალები უნათდება და მეუბნება "მოხვედი ბაბო?"

Monday, May 6, 2013

როგორ მოვხვდი მუმინების სამყაროში


ხანდახან ხომ ხდება ხოლმე , შემთხვევით სადმე კარგ წიგნს გადააწყდები და გაიფიქრებ : კი მარა აქამდე სად ვიყავიო? ზუსტად ასე დამემართა, როცა მეგობარმა ტუვე იანსონის ორი წიგნი (კომეტა მუმინების ხეობაში " და "მამა მუმინის მემუარები " ) მათხოვა . ერთი სული მქონდა სახლში მოვსულიყავი, გემრიელად მოვკალათებულიყავი და კითხვა დამეწყო.
კითხვის დაწყებისთანვე მივხვდი რომ ეს სამყარო უკვე ჩემი იყო. მეც დავდიოდი ოჩოფეხებით მუმინტროლთან ,სნიფთან და სნუსმუმრიკთან ერთად ამომშრალი ზღვის ფსკერზე. წარმოდგენიათ რამდენიმე ვინერვიულე როცა გავიგე რომ კომეტა დედამიწას ზუსტად რამდენიმე დღეში დაეცემოდა? იქნებ ამ დროის განმავლობაში მუმინტროლს ვერ მოესწრო სახლში დაბრუნება? სახლში სადაც ყველას სიყვარულით იღებენ, სულ ერთია ვინ იქნება ან როგორი, თუნდაც ქალის კაბიანი უხასიათო ჰემული იყოს. როგორც კი კომეტაზე შიში ამიტანდა, წამსვე მახსენდებოდა მუმინტროლის სიტყვები : "ალბათ დედა რაიმეს მოიფიქრებს და ყველანი გადავრჩებით". ან როგორ შეიძლება რამე დაგემართოს როცა საიდუმლო გაქვს რომლის სახელი იწყება " კ " ზე და მთავრება "ა-ზე" , რომელიც სულ თან დაგყვება და ალბათ ძალიანაც ენატრები... 

ძალიან მეცოდებიან ჰატიფნატებიეს პატარა არსებები " უბრალოდ გაუთავებლად დაეხეტებიან, თათებს იქნევენ და ჰორიზონტს გაჰყურებენ. მამამ მითხრა, იქამდე ვერასოდეს აღწევენ , სადაც მიდიან და ამიტომ სულ სულ რაღაც ენატრებათო" თქვა მუმინტროლმა და მერეც რამდენჯერმე ახსენა მამა მუმინა ისინი თავის მემუარებში. კიდევ უამრავი საინტერესო და სახიფათო თავგადასავალიც მოყვა თავისუფალი კოლონიის დაამარსებელმა .

მარტო ჯიუტი მოჩვენების ამბავი რად ღირს, რომელსაც ერთი ჟანგიანი ჯაჭვი ეპოვა და ღამ-ღამობიით დაახრიგინებდა ხოლმე? მაგრამ ხანდახან ძალიან სევდიანებოდა, რადგან უკვე ვეღარავის აშინებდა, ამიტომაც გადაწვვიტა ნერვების დასამშვიდებლად ქარგვა-ქსოვისთვის მოეკიდა ხელი. რას არ ქარგავდა, სუნსულას საქროწინო საჩუქარზე გადაჯვარედინებული ჩონჩხის ძვლებიც კი მიაქარგა.


ამ საოცარი ამბების ავტორი ფინელი მწერალი და ილუსტრატორი ტუვე იანსონია. ( გარდა საკუთარი წიგნებისა , ის ილუსტრატორი იყო ტოლკინის " ჰობიტის " და კეროლის "ალისასი ").  მიღებული ჰქონდა ჰანს ქრისტიანს ანდერსენის სახელობის ჯილდოც. მაგრამ მე მგონია უფრო თავისი ცხოვრება იქცა მისთვის ჯილდოდ , " მე უბრალოდ მინდა, რომ ვიცხოვრო მშვიდად დავრგო კარტოფილი და ვიოცნებო."