Sunday, March 16, 2014

გამარჯობა მაკოტო



ალბათ ყველას გაქვს ადგილი სადაც გვინდა ვცხოვრობდეთ. ზოგი სხვა ქვეყანაზე ოცნებობს, სხვა ქალაქზე.  მე კი ძალიან მინდა მაკოტო შინკაის ანიმეებში ვცხოვრობდე. მისი სამყარო ძალიანაც არ განსხვავდება რეალურისგან, უბრალოდ აქ არის ყველაფერი რაც მე მიყვარს : წვიმების სეზონი, ალუბლების ყვავილობა, საათობით ჯდომა ჩუმად, ურთერთობის რეალური დასასრულები და ა.შ.
თუ თქვენ არასდროს გინახავთ მაკოტო შინკაის ანიმეები წინ დიდი სიამოვნება გელით, თუ გინახთ კი ალბათ ისევე გიყვართ როგორც მე.
პირველად მაკოტო დიდი ხნის წინ მოკლე ანიმაციით გავიცანი. Their Standing Points( She and her cat ) ასე ქვია  შავთეთრ ანიმაციას კარგი მუსიკით ,რომელიც სულ რამდენიმე წუთი გრძელდება და სავსეა ემოციებით. ზოგადად მაკოტოს ანიმეებს ახასიათებს ემოციების ფართო დიაპოაზონი. ამის შემდეგ  იყო Voices of a Distant Star და The Place Promised in Our Early Days . პირველად მგონი აქ ვიგრძენი როგორ შეიძლება დახატო სევდა.
თითქოს ყველა ანიმე მზადება იყო იმ მთავარისთვის რომელსაც 5 Centimeters Per Second ჰქვია. ტაკაკის და აკარის სევდიანი ამბავი.

უზადოდ შესრულებული გრაფიკა, მუსიკა  , ემოციები და რაც მთავარია  სიუჟეტი. სიუჟეტი იმდენად რეალისტურია და სევდიანი , რომ საბოლოოდ ანგრევს იმ  თეორემას რომ ანიმე და ანიმაცია მხოლოდ ბავშვებისთვისაა. ეს ძველი მიდგომა ჯერ კიდევ 1988 წელს შეარყია "ციცინათელების სამარხით "  (Grave of the Fireflies ) ისიო ტაკაჰატამ.
5 Centimeters Per Second  ჩემი აზრით სიყვარულზე კი არა , ცხოვრებაზეა. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ისე ხდება რომ  ვიცვლებით. დრო გადის, ვიზრდებით არა მარტო ფიზიკურად, არამედ -მენტალურად. იცვლება ჩვენი ხასიათი და შეხედულებები სამყაროზე. რაც ადრე გვაღელვებდა ის საერთოდ აღარც კი გვახსოვს, რაც ადრე გვიყვარდა-ახლა ღიმილს თუ გვგვრის. ოცნებები აუხდენლად ქრებიან და მათ ადგილს ყოველდღიური ცხოვრებისეული პრობლემები იკავებს. იმ ბავშვებს კი რომელბსაც ეგონათ რომ ისევ ნახავდენენ ალუბლების ყვავილობას ერთად, მოზრდილები ჩაენაცვლნენ ლიანდაგების ცალ-ცალ მხარეს.


სიმართლე რომ ვთქვა, არ მეგონა 5 Centimeters Per Second  მერე თუ ასევე ძალიან მომეწონებოდა რომელიმე ანიმე. მაგრამ მაკოტომ ისევ საოცრება შექმნა და მოლოდინს გადააჭარბა.  სანამ Garden of Words ზე ვიტყოდე რამეს, მოკლედ ვიტყვი რომ მაკოტომ Journey to Agartha მიაძაკისეული ანიმეც გადაიღო. მიაძაკისეული თქო იმიტომ ვიძახი რომ  ჯერ ფერები  ძალიან ჰგავს ჰაიაოს სტილს და თემა.  აგარტა მიწისქვევშა სამყაროა. მითები და ლეგენდები და მათზე საოცრებების გადაღება , თბილი ფერებით , დადებითი გმირებით და კეთილი დასასრულით ნამდვილად მიაძახის სტილია.
ასე მგონია მაკოტო ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიდა  Garden of Words მდე.



ალბათ ორი კვირის წინ ვუყურე, თუმცა დღესაც ამ ანიმეში ვცხოვრობ. ასე მგონია ისევ ჩამესის წვიმის ხმა და შორიდან ქარს მოაქვს იუკინოს ხმა , რომელიც ტანკას კითხულობს :
"ჭექა -ქუხილის სუსტი ექო..
ცაზე ღრუბლები. შესაძლოა კიდეც იწვიმოს.
დარჩები ჩემთან? "

მე კი ამ დროს ერთი სული მაქვს ტაკაოსავით ვუპასუხო

"ჭექა-ქუხილის სუსტი ექო..
რომც არ იწვიმოს...
შენთან დავრჩები."

ისტორია სკოლის მოსწავლეზე და ზრდასრულ ქალზე რომლებიც შემთხვევით  ხვდებიან ერთმანეთს    ერთ წვიმიან დილას  იაპონურ ბაღში . ფილმს სამი პერსონაჟი ყავს :  ტაკაო , იუკინო და წვიმა. სამი მთავარი გმირი. როცა წვიმა მოდის , ისინი ყოველ დილით აცდნენ  სამსახურს და სკოლას , მიდიან ბაღში სხვადასხვა გზიდან და ჩუმად სხედან ფანჩატურში. ხან უბრალოდ საუბრობენ სხვადასხვა თემაზე. როცა არ წვიმს , ისინი ცას უყურებენ და იმ იმედით იძინებენ, რომ მეორე დღეს აუცილებლად იწვიმებს .
დეტალები, რომლებიც ასევე მაკოტოს სტილია და ადგილები ,  რომლებიც ზოგჯერ მის ანიმეებში მეორდება. (მაგ   Garden of Words  და Someones Gaze )მაკოტო იღებს რელაურს და ხატავს. ხატავს ისე რომ გინდება იმ სამყაროში ცხოვრობდე, ისე გაწვიმდეს როგორც ტაკაოს და იუკინოს, აკარივით ზუსტად იცოდე რამდენ წამში დავარდება საკურას ყვავილები მიწაზე და ტაკაკივით ცდილობდე გაუმკლავდე იმ სევდას რომელიც შენს ცხოვრებაში საიდანღაც შემოიპარა.


3 comments:

  1. ძალიან მიყვარს მაკოტო. სხვათაშორის ხშირად ადარებენ მიაძაკს და თუ სწორად მახსოვს მოიხსენიებენ კიდეც როგორც ახალ მიაძაკს. (თუ არ ვცდები ვიკიპედიაში ამოვიკითხე)
    მიუხედავად იმისა რომ ჩემი აზრით საერთოდ სხვადასხვა სამყაროა მაკოტოს და მიაძაკის ანიმეები ერთი მართლა აქვთ საერთო ემოციას და განწყობას გადმოცემენ ძალიან ლამაზად და კარგად .... და ფერები ...

    ReplyDelete
    Replies
    1. კი ადარებენ თუმცა მე მგონია მიაძაკის უფრო თბილი ფერები აქვს ვიდრე მაკოტოს და მასთან გრაფიკა უფრო ლამაზია

      Delete