Monday, June 27, 2011

L, did you know shinigami eat only apples?

რა მოხდება თუკი ერთ დღესაც, სიკვდილის ღმერთებს მოსწყინდებათ მათ სამყაროში გამეფებული ერთფეროვნება და  გადაწყვეტენ გასართობად ადამიანთა მიწას ეწვიონ ?  ან რას მოიმოქმედებთ თქვენ,თუ  ხელში ისეთი მაგიური რვეული ჩაგივარდებათ ,რომლის დახმარებითაც შეძლებთ ადამიანის სიცოცხლით თამაშს?
ანიმეს მოყვარულები შესავლიდანვე მიხვდებოდნენ, რომ ანიმე სერიალ Death Note-ზეა საუბარი. მათ, კი ვისაც  ჯერ არ უნახავს ეს სერიალი შემიძლია მივულოცო :თქვენ წინ გელით საინტერესო, დაძაბული ,ინტელექტუალური , ტაქტიკური თამაშებით შეზავებული სერიალი ,რომელიც მანგის საფუძველზე შეიქმა და პოპულარულია მთელს მსოფლიოში.
ერთ დღეს , სიკვდილის ღმერთი რიუკი დედამიწაზე სიკვდილის რვეულს ჩამოაგდებს, რომელსაც იაგამი ლაითი -იაპონიის ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე იპოვნის. მას შემდეგ რაც იგი მიხვდება, რომ რვეული მაგიური ძალისაა და მისი დახმარებით შეიძლება ადამაინი სიცოცხლეს გამოასალმო, იწყებს მის გამოყენებას ბოროტმოქედთა სამყაროს  წინააღმდეგ. აქ იკვეთება ანიმეს ძირითადი ფაბულა: ჰუმანურია  სასიკვდილო განაჩენი გამოგქონდეს ყველასთვის ვინც რამენაირ ბოროტებას სჩადის , თუ ბოლოს შენვე ხდები ყველაზე დიდი ბოროტების აღმსრულებელი ?
იაგამი ლაითს, იგივე კირას როგორც მას შემდეგ უწოდებს ხალხი, გზაზე ეღობა დეტექტივი  L .
მისი პერსონაჟის გამოჩენისთანავე ამ ორ ადამიანს შორის იწყება ტაქტიკური ბრძოლა-ორივე საკუთარი სიცოცხლით აგებს პასუხს ნებისმიერ შეცდომაზე. L ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ანიმე პერსონაჟია . ძალიან თავისებური, საინტერესო , ლოგიკურად მოაზროვნე , საუკეთესო გეგმების შემდგნელი და ტაქტიკის დამსახველი.
საბოლოოდ როგორ განვითარდება მოვლენები და გაწმენდს თუ არა სამყაროს ბოროტებისგან კირა, გახდება თუ არა მისი შექმნილი სამყაროს ღმერთი ამას ანიმეში ნახავთ. საუკეთესო გრაფიკა და ოსტები , უფრო ჩამთრევს და საინტერესოს ხდის ფილმს. ასე რომ ვისაც არ გაქვთ ნანახი ისიამოვნებთ,ვისაც გვიყვარს კი შეგვიძლია კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი.

Thursday, June 23, 2011

ქიდის გარეშე


      “imagine there's no Heaven”
                                                                  
პირველი, რაც ალექსმა სახლში შესვლისას  გაიფიქრა ის იყო,   რომ იდიოტურად მოიქცა.
  გიჟური იდეა იყო  სახლის ყიდვა. თითქოს, ასე ცდილობდა დაეტკიცებინა, რომ წარსული დიდი ხანია დაივიწყა.  ცხოვრება შესანიშნავად ააწყო, მოიპოვა  ყველაფერი, რაზეც, წლების წინ  მხოლოდ, ოცნებობდა. ალექსი წარმატებული ახალგაზრდა კაცი იყო,  ყოველთვის აღწევდა იმას რაც უნდოდა--ასე იცნობდნენ  კოლეგები და პარტნიორები. იყო, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამშენებლო ფიმის პრეზიდენტი, კვირაობით მეგობრებთან  ფეხბუთს თამაშობდა    და ჰყავდა ძაღლი სახელად ელვისი.
თუმცა  უბრალო კედლების წინაშე, ამ ყველაფერს ფასი დაეკარგა.სახლი, სადაც ქიდთან ერთად ცხოვრობდა, არც ისე დიდი იყო,მაგრამ მშვენივრად იტევდა მათი სიყვარულის თერთმეტთვიან ისტორიას.
ისე ათვალიერებდა  ოთახებს თითქოს  პირველად იყო აქ, ან უარესი --იმის კვალს ეძებდა ყველა კუთხეში. პირველად საძინებელში შევიდა.  ფანჯრებზე ყოველთვის სქელი ფარდები ეკიდა. ღამით, ძილის წინ ქიდი ფარდებს სწევდა და საწოლზე  მიწოლილები, ცაზე  უტელესოკპოდ ვარსკვლავებს ეძებდნენ, აივნიდან  ქალაქს და ერთმანეთს უღებდნენ სურათებს. სამწუხაროა, რომ არც ერთი სურათი არ დაიტოვა. ყველაფერი ხელის ერთი მოსმით ,უფრო სწორედ მაუსის ერთი დაკლიკებით გაანადგურა, როცა ქიდი წავიდა.
აივნიდან ისევ ოთახში შემობრუნდა და პირდაპირი კარით აბაზანაში შევიდა.
მაშინ უფრო დიდი ეჩვენებოდა აქაურობა.წყლს ერთად არასოდეს ივლებდნენ, ორივე თვლიდა , რომ ეს ძალიან ინტიმური იყო. თან ალექს ერთი ახირებული ჩვევა ქონდა, შხაპის მიღების დროს შარდავდა.ხლაც გაახსენდა,  როგორ მოუწყო ამის გამო ისტერიკა ქიდმა და გაეღიმა.
სამზარეულო ორივეს საყვარელი ადგილი იყო.ქიდს არაფრის კეთება არ ეხერხებოდა, ამიტომაც ძირითადად ტკბილეულითა და ნახევარფაბრიკატებით იკვებებოდნენ. ადრე აქ სონის ტელევიზორიც იდგა,სადაც ალექსი მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპი რეპორტაჟებს უყურებდა, ქიდი  მართალია ვერ ხვდებოდა,  ვინ  საით გარბოდა, მაგრამ იცოდა რომ ფორთოხლისფერმაისურიანები "მისიანები " იყვნენ.შემდეგ ბეზრდებოდა ფეხბურთი, ალექს მხარზე ადებდა თავს და ლეპტოპში სახისა და თმის მოვლის ახალ საშუალებებს ათვალიერებდა.
 აივანზე იწვა და ცდილობდა ღრუბლები გადაეადგილებინა თვალებით. ეს თამაში  ერთად გამოიგონეს,როცა ლუდის ქილებს ითვლიდნენ ცალ-ცალი თვალით, ქილები თითქოს მოძრაობდნენ  და  არასდროს გამოდიოდათ დათვლა.
სადღაც დაგდებული  მობილური უკვე მერამდენედ იმეორებდა იმეჯინის ამოჩემებულ მელოდიას.
-შენმა მდივანმა მითხრა, რომ  მთელი დღეა სამსახურში არ გამოჩენილხარ. ზარებსაც არ პასუხობ -მარკი იყო, ბავშვობი მეგობარი.
-ქიდის სახლში ვარ, მარკ!..
-მანდ რა ჯანდაბას აკეთებ?
ალექსმა ტელეფონი  იატაკზე მიაგდო .ყველაზე ნაკლებად რაც ეხლა უნდოდა  გარე სამყაროსთან კონტაქტი იყო.
      
********
-რა კარგი იქნება შვილი რომ გვყავდეს . შენნაირი ტუჩები ექნება და ცხვირი...
ქიდი კალთაში ეჯდა  და მომავლზე ოცნებობდა.
-იცი , რა უნდა უპასუხოთ, როცა გვკითხავენ როგორ  ვართ?
-კარგად?
-არა , ჩვენ ფეხმძიმედ ვარ.

********
კარებზე ზარი იყო.  ალექსს არ ახსოვდა, რომ ვინმესთვის მიეცა ახალი სახლის მისამართი.
-არ  დამვწყებია გზა.-კარებში მარკი იდგა
-რამე მოხდა?
-არაფერი,უბრალოდ არ მინდა ისევ გაუბერო.

-არ ვაპირებ . მინდა ეს ამბავი ერთხელ და სამუდამოდ დავმარხო, ამიტომაც მოვედი ჩვენს მუზეუმში.
-არავინ არაფერს მარხავს ალექს, შენც კარგად იცი. ამბები,ადამიანები, მოგონები უნდა შემოდო შენი გონების ყველაზე მაღალ თაროზე.ეს უბრალოდ თავდაცვის ტაქტიკაა.რაც ნაკლებად გხვედება თვალში მით ნაკლებად იხსენებ და გტკივა.

********
აივანზე ისხდნენ.. ალექსი გაოცებული უყურებდა, როგორ ეცლებოდა ხელიდან საყვარელი ადამიანი.ქიდი დაღლილი იყო. გრძნობები და ოცნებები, რომლითაც ისინი იკვებობდნენ,ყოველდღიურ მატერიალურ პრობლემებს შორის გამქრალიყო.მერე ქიდი წავიდა.
****************
-ხომ  იცი , ვიღაც სირს გაყვებოდა .დაიკიდე და გაუშვი ეგ გოგო-მარკი ლუდს სვამდა და  სიგარეტის ნამწვავს პირდაპირ ისროდა სახურავიდან--ბოლო- ბოლო კიდევ  ხომ  არ გიყვარს?
-მიყვარს? არა, მგონი მეცოდება.
-რადგან  შენთან არაა? -გადაიხარხარა მარკმა
-ნუ იცინი.მეცოდება იმიტომ რომ, ერთ დღესაც დაიწყებს იმაზე ფიქრს, რომ წლების წინ,როცა ახალგაზრდა  იყო, როცა შეეძლო ბედნიერი ყოფილიყო ,ხელიდან გაუშვა შანსი...
-. ჩვენ ჩვენს ქმედებეზე უნდა ვაგოთ პასუხი ალექს ,  ძნელია სხვის შეცდომებზე  ფიქრი. კი ცუდია, რომ ცხოვრების გზაზე არასწორ პიროვნებებს ვირჩევთ,მაგრამ ალბათ ესეც საჭიროა.საბოლოო ჯამში გამოდის რომ ისინი გვქმნიან ჩვენ.შეხედე შენს თავს,  რამდენს მიაღწიე, რაც გინდოდა ხომ  გაქვს.
-სიცარიელეს ვგრძნობ,ბედნიერბის ნაცვლად და ეს მაკვირვებს.
-შენ ყველაფერი მასთან ერთად გინდოდა.ეხლა კი ყველაფერი გაქვს-მის  გარეშე.

*****
ალექსი იატაკზე იჯდა და  ხმამაღლა კითხულობდა  მოთხრობას : მთელი ცხოვრება ადამიანები იმ სიცარიელის ამოვსებას ვცდილობთ,რომლებსაც სხვა ადამიანები გვიტოვებენ როცა მიდიან.მტკივნეული პროცესია,მაგრამ დროსთან ერთად ეჩვევი..იმ ადგილას კი სადაც ერთ დროს სიცარიელე იყო,ნაწიბურები რჩება. ნელ-ნელა მრავლდებიან კიდეც. ბოლოს კი მხოლოდ მათი არსებობა გვახსენებს, რომ მილიონი ნაგვით ამოვსებულ ადგილას  ოდესღაც გული გვქონდა. სისხლის უბრალო სატუმბი, რომელსაც ყველა სისუსტეს მივაწერდით.
-გიფქრია, რა იქნება ერთად რომ არ ვიყოთ, ალექს?-კითხვა შეაწყვეტინა ქიდმა.
-მეშინია მაგაზე ფიქრის.ალბათ რაღაც დროის განმავლობაში სამყარო გაჩერდება ჩემთვის.შენ როგორ გააგრძელებ ცხოვრებას ?
- ისე როგორც შენს გამოჩენამდე ვცხოვრობდი.ვივლი სალონებში.ხანდახან გამოგონილ მეგობრებს ვნახავ. ვუყურებ ფილმებს ,ვიჩეთავებ ადამიანებთან,შევიქმნი სამყაროს და თავს დავირწუნებ რომ მარტო კი არა, ბედნიერი ვარ.
******
-რას უპირებ ამ სახლს ალექს ?-კითხა მარკუსმა როცა  გამოდიოდნენ.
-არაფერს მარკ. დარჩეს წარსულში .ბედნიერება ცარიელ კედლებში არ არის.
მანქანა სწრაფად მიქროდა გზაზე
imagine there's no Heaven მღეროდა მკვდარი ჯონ ლენონი.          
ჩაწეული ფანჯრიდან ოდნავღა ისმოდა სიმღერის ხმა.



მარი თინაშვილი

Tuesday, June 21, 2011

გამარჯობა ჩემო მეგობარო-წერილი წარსულში

ამ თამაშს" წერილი წარსულში " ადრე ვთამაშობდი ხოლმე. შემთხვევით ვნახე, რომ ბლოგებზეც დაუწყიათ.


15 წლის  მეს

შენ ეხლა ძალიან პატარა ხარ,ისევ ვერ არჩევ შავსა და თეთრს, ფიქრობ რომ შუალედი ფერიც არსებობს.
დამიჯერე მე საიდაანაც გწერ იქ სამყარო მხოლოდ თეთად და შავად დაიყო და რაც მალე დაიწყებ ამის შეჩვევას მით უკეთესი იქნება.
აქედან მხოლოდ ის მინდა გითხრა რომ  ეხლა კარგად ხარ.ყველაფერს გაივლი ცხოვრებაში რაც უნდა გაგევლო და იმაზე მეტი წინ გელის,მაგრამ ნუ გეშინია, მე დაგეხმარები, დაგეხმარები ყოველთვის მაშინაც კი როცა არავინ იქნება გვერდით.
იცი რა კარგი მეგობრები ყავს? ძალიან კარგი. ყოველთვის იცი რომ შენს გვერდით დგანან. ამიტომაც ჩემს გარდა ისინიც დაგეხმარებიან.
კიდევ იმაზე უფრო მეტად შეგიყვარდება ვიდრე ეხლა გიყვარს, ჰო ახლა 15 წლის ხარ და გგონია რომ მაგრად გიყვარს. ჩემო ჩურჩუტო ბავშვო..
რამდენიმე წელში წერას დაიწყებ,ამიტომაც ძალიან გთხოვ და დაჟინებით მოგიწოდებ -გრამატიკაში კარგად იმეცადინე .ისედაც სულ შენიშნვები მაქვს შენს გამო. დღემდე ვერ ვხვდები სად წერტილი უნდა დავსვა და სად მძიმე.
კარგი იქნება თუ ნაკლებად ენდობი ადამიანებს. ცოტა ხანში, სერიოზული გამოცდის წინაშე დადგები და იცოდე აქაც შენი იმედი მაქვს, გახსოვდეს, მთავარია შენს თავთან იყო მართალი,სხვანაირად ვერ მოისვენებ.
მალე ნანატრ დამოუკიდებლობას მიაღწევ , მაგრამ მაინც ვერ აისრულებ ოცნებას  პირად ველოსიპედზე. ჯერ მეც არ ამისრულებია, რაც გავიზარდე ოცნებები შემეცვალა.ადრე სხვანაირად ვოცნებობდით.ნეტა შეგეძლოს მწერდე და მეუბნებოდე რა მინდოდა გამეკეთებინა და დამავიწყდა.
იცი, იმედები გაგიცრუე. არც არქეოლოგი გამოვედი და არც ეგვიპტეში აღმომიჩენია ახალი პირამიდა.
ჯერ -ჯერობით ვერც მოხუცებულების სახლი ავაშენეთ,მარა გპირდები აუცილებად მოვუვლით უპატრონო მოხუცებს.
მეტი რაღა მოგწერო არ ვიცი. უკვე გვიანია, ხვალ სამსახურში მივდივართ და დროა ძილისკენ წავიზლაზნოთ.
გახსოვდეს, მე შენ მიყვარხარ.

Sunday, June 19, 2011

ზვიად რატიანი -მეც ნოე ვარ, როგორც ყველა

მას შეუძლია საათობით იჯდეს ფანჯარასთან,
შეუძლია შემოდგომის დღე იყოს გარეთ ,
შეუძლია გარეთ თბილოდეს ,
და გეუბნებოდეს :შემოდგომამშვიდობისა,
მას შეუძლია ერქვას ზვიად რატიანი და ყველაზე მაგარი პოეტი იყოს.

არ მახსოვს პირველად როდის ან სად წავიკითხე რატიანის ლექსები, ან როდიდან შევიყვარე . ზოგჯერ მგონია, ოცხაოთხი წელია გზადაგზა მომყვებიან და ჩემს ფიქრებს ახმოვანებენ.
ყველაზე მეტად რამაც მის პოეზიაში მიმიზდა სიმართლეა, არ გეთამაშება, არ გატყუებს, თავის ტკივილს წერს, ადამიანების ტკივილი კი ისე ძალიან გავს ერთმანეთს, რომ ყველა სათითაოდ "მისად" თვლის  პოეტს.
"თუ ეს იმედიც ზღაპარია,
როგორც უკვე ათასჯერ მოხდა,
ცხოვრებაზე გული კი არ გამიტყდება,
ყველფერზე ხელს კი არ ჩავიქნევ,
ჩავთვლი, რომ, უბრალოდ, ცუდი მეზღაპრე ვარ
და ახალ იმედს დაველოდები."
და შენც მიყვები, ელოდები ახალ იმედს ,ხედავ გზებს და დღეებს, სუნთქავ ჯიბის ჰაერს და შენი ცხოვრების ნეგატივს ამჟღავნებ.
არსებობენ ლექსები , რომლებიც ყოველდღე კი არ უნდა იკითხო, არამედ ნელ-ნელა, მშვიდად და გამოზოგვით.
არსებობენ პოეტები, რომლებიც არ ჩანან, ისე ცვლიან შენი ცხოვრების გზებს და დღეებს
და "ის დღეც არსებობს, როცა ცაზე ვიღაც მოდგება
და ერთიანად გაკრეფს ვარსკვლავებს,
თან გადმოგძახებს: "თავიდანვე ჩემი იყოო".





***



ბოლო სიყვარული – ქალაქი ზღვით

სინამდვილეში არც ისეთი პატარაა,
მაგრამ განსაზღვრება ”პატარა ქალაქი”
ჯერ ხომ ისედაც გაცილებით ტევადია

და ორჯერ უფრო – თუ ვგულისხმობთ ზღვისპირა ქალაქს.

*
მე ერთხელ ვთქვი და მომეწონა,
და იმ დღიდან გამუდმებით ვიმეორებ,
რომ ეს ქალაქი ჩემი ბოლო სიყვარულია
(რასაც მოსდევს კარგად დამუშავებული მოკლე პაუზა)
და დავძენ ხოლმე: ქალივით მიყვარს.

მსმენელები, როგორც წესი, მიღიმიან.

ოღონდ ადგილობრივები – ცოტა სხვანაირად.

*
ეს ერთადერთი ქალაქია საქართველოში,
სადაც ჩემ თავს ვასეირნებ. ეს ფრაზაც ძველია,
მაგრამ ნაკლებად ეფექტური, როგორც ვატყობ, მსმენელებისთვის;
სამაგიეროდ, ბევრად უფრო გასაგები. ჩემთვისაც კი. ესეც საქმეა.

*
მაშ ასე, ჩემ თავს ვასეირნებ. ხოლო სეირნობა,
როგორც ჩანს, თავის მოტყუების მეთოდებს შორის
მართლაც საუკეთესოა (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე აუცილებელ,
მაგრამ ლექსში სახსენებლად მაინც უხერხულ
საქმიანობას). გარკვეული უხერხულობა
ახლავს ამასაც, სეირნობას; განსაკუთრებით –
როცა ჩემ თავს ვასეირნებ. მას უხარია,
მე კი, რომელსაც კარგად მესმის
უაზრობაც, უსაფუძვლობაც
ამ გულუბრყვილო სიხარულის, არაფერს ვიმჩნევ,
რადგანაც მახსოვს, თუ რამდენი წელი დაჭირდა
მის დარწმუნებას, რომ ბათუმი ერთადერთი ქალაქია საქართველოში,
სადაც ჯერ კიდევ შეიძლება სეირნობა. ძლივს დამიჯერა
და ვცდილობ, აღარ გავაწბილო. ხშირად ვუმტკიცებ,
რომ ზღვა არაფერ შუაშია, და არც ქალაქის
ძველი უბანი – ვიწრო ქუჩებით
და ორ-სამ, სამ-ოთხ სართულიანი
აივნიანი შენობებით; და რომ მთავარი,
რამაც ამ ქალაქს მიაჯაჭვა მისი გული, რაღაც სხვა არის...
შემეძლო მეთქვა - პოეზია, მაგრამ არ ვრისკავ:
ხომ შეიძლება მიხვდეს, რომ დავცინი?

*
ეს ერთადერთი ქალაქია საქართველოში,
სადაც ჩემ თავს ვასეირნებ; ვათამამებ. მას აქვს სურვილი
და უფლებაც, გააყოლოს თვალი გოგონებს –
მათ ნამზეურ მხრებსა და ფეხებს,

მე კი, უფლება რომც მქონოდა,
ალბათ თვალის გაყოლებას ვერ გავბედავდი,
და თუკი მაინც გავხედავდი – ისეთებს არა,
ვინც ჯერ კიდევ შეიძლება (თუნდაც ლექსში) გოგონებად მოიხსენიო.

*
ზღვა არაფერ შუაშია, და არც ქალაქის
ძველი უბანი – ვიწრო ქუჩებით,
სადაც ვიწყებთ სეირნობას
და მივდივართ პორტისაკენ. როგორც ფოთოლს ჭიანჭველები,
საბუქსირე კატარღები ნაპირისკენ მიაღოღებენ
გიგანტურ ტანკერს. პორტის გვერდით პატარა კაფე
ზღვისკენ გადგმული ხის აივნით – აი ადგილი,
სადაც ისევ ვმთლიანდები –
მე, რომელიც საკუთარ ვასეირნებდი,
და მე, რომელსაც ჩემი თავი მასეირნებდა,
სწორედ ამ კაფის აივანზე ვერწყმით ერთმანეთს,

და გარკვევით ვერასდროს ვხვდები,
თუ რომელი რომელს ერწყმის
და რომელში ვმთლიანდები –

გააჩნია, რას ვსვამ და რამდენს.

*
ეს ქალაქი ჩემი ბოლო სიყვარულია.
ესეც ცალმხრივი – პირველივით. ზღვისპირა კაფე,
რომელსაც უკვე ცხრა წელია, ცოტა მეტიც, ერთგულად ვსტუმრობ

და მსიამოვნებს, რომ მიმტანებს
აღარაფრის შეხსენება აღარ ჭირდებათ –
კარგად იციან, რას დავლევ და რას მივაყოლებ
(რაც ერთიორად მაამაყებს, თუ კაფეში სტუმრებს მივიყვან),

და მეც არასდროს მავიწყდება
ერთ-ერთ მათგანს თანაგრძნობით გამოვკითხო
პატიმარი მეუღლის და ავადმყოფი შვილის ამბები,
ხოლო მეორეს ლიმონათით გავუზავო ჭიქა არაყი,
რომ, როცა მოვა და გადაკრავს, ვიტრინიდან მომზირალი მეპატრონე
ვერაფერს მიხვდეს.

*
ცხრა წელია, ცოტა მეტიც... როდესაც აქ ვარ,
თითქოს ჩემი ადრინდელი აქ-ყოფნებიც ერთმანეთს ებმის
და მეჩვენება, რომ ერთი დღე იწელება

და ეს ცალკე ცხოვრებაა; და ერთადერთი,
რასაც ასეთი კლინიკური სიცოცხლიდან გამოვყავარ,
რაც მახსენებს დროის დინებას,

ის პატარა და ლამაზი, სასაცილო ბოშა-გოგოა,
რომელსაც, თითქოს გუშინ იყო, გულუხვად რომ ვასაჩუქრებდი,
დღეს კი უკვე სამათხოვროდ შვილებს მიგზავნის.


***

არ მოგატყუებ, იყო ბავშვობაც. და არაფრით გამორჩეული.
ანუ, როგორც ყველა ბავშვი, მეც ვიყავი სუფთა და სასტიკი.
იყო შიშები, შეკითხვები. ახლაც მახსოვს გაოგნება,
როცა მეზობელს - ასე ითქვა - მკერდი მოკვეთეს.
გაოგნება არა იმით, რომ მოკვეთეს,
არამედ, როცა დავინახე მკერდმოკვეთილი
და ის ისევ ქალი იყო.
ეს
ბავშვობის დასაწყისში,
ხოლო მიწურულს:
ბოლო თუ არა, ერთ-ერთ ბოლო გაოგნებად მახსენდება -
მაინც როგორ იკვებებოდა იოანე ნათლისმცემელი
კალიებით და ველური თაფლით?

და არც იმას დაგიმალავ, რომ ბავშვობამ რახანია ჩაიარა,
მე კი დღემდე მაშინდელი შეკითხვების დახვეწით და გართულებით
ვიხანგრძლივებ პოეტობას:
კალიებს
თაფლში გადაზელდა და მიირთმევდა
თუ ჯერ კალიებს ამოჭამდა ხელისგულიდან
და წმინდა პირში შემორჩენილ მწარე გემოს
ინელებდა ველური თაფლით?

Saturday, June 18, 2011

ანიმე ( 1.ციცინათელების სამარხი)




მათ დიდი თვალები აქვთ, საინტერესო ისტორიები და ცოცხალი ემოციები. უყვართ , სძულთ,იბრძვიან, ერთმანეთს ეხმარებიან , მოკლედ სავსე ადამიანურ სისტემას ქმნიან და მარტივად ანიმე პერსონაჟები ეწოდებათ.თუ  თვლით, რომ ეს მხოლოდ საბავშო გასართობია და საამისოდ უკვე გაიზარდეთ, შემიძლია თამამად გირჩიოთ ანიმე, რომელიც  სრულიად სხვა კუთხით დაგანახებთ ამ სფეროს.

1988 წელს რეჟისორმა ტაკაჰატა ისაომ შექმნა ანიმე ფილმი "ციცინათელების სამარხი"(Hotaru no Haka ) ,რომელიც იქცა ომის თემაზე  შექმნილ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დრამად.
პირველად ანიმეს სამყაროთი  ამ ფილმის გამო დავინტერესდი და დღემდე რჩება ჩემს ფავორიტად,თუმცა მისი სიმძიმის გამო ხშირად ვერ ვუყუყრებ.
"ციცინათელების სამარხი" მოგვითხრობს და ძმის სიეტას და სეცუკოს ისტორიას, რომლებიც ომის გამო დაობლდნენ და ერთმანეთის მეტი არავინ დარჩათ.ფილმი სავსეა ადამიანური ურთერთობებით,  სეცუკოს მხიარული სიცილითა და ციცინათელების მანათობელი შუქით.
ფილმი აკიუკი ნოსაკა ამავესახელწოდების რომანზეა აგებული,რომელიც ავტობიოგრაფიულია. ნოსაკას  მეორე მსოფლიო ომის დროს პატარა  და გარადაეცვალა შიმშილით.
2005 წელს ტელეეკრანებზე ანიმეს კინოვერსიაც გამოვიდა.
ანიმეს მთლიანი შინაარსის დაწერას აზრი არ აქვს, რადგან არსებობს ფილმები ,რომლებიც  უნდა ჰქონდეს ადამიანს ნანახი. "ციცინათელების სამარხიც" მათ რიცხვს განეკუთვნება.

თუ ბოლოს ვეღარ მოითმენთ და თვალზე ცრემლიც მოგადგებათ, ჩათვალეთ რომ ის საოცარ ხელოვნებას ეზიარეთ, რომელსაც იაპონური ანიმაცია ჰქვია.