Thursday, April 12, 2012

ჩემი ბავშვობის წიგნები



არ ვიცი , რატომ გადაწყვიტა დედაჩემა რომ ჩემთვის ( 3 წლის ასაკში ) "შვლის ნუკრი" წაეკითხა. მახსოვს , როგორ განვიცადე ნუკრის დაობლება და რამდენიმე დღე ყოველ გახსენებაზე ვტიროდი. შედეგად მივიღეთ ის რომ წიგნი სასწრაფოდ შემოდეს ყველაზე მიუწვდომელ თაროზე, იმიტომ რომ მისი დანახვაც კი მზაფრავდა. ჩემი აზრით ემოციური ბავშვისთვის მოსარიდებელია მსგავს თემატიკის ნაწარმოებები. თუმცა ეს ყველაფერი არ იყო.. უკვე წამოზრდილს შემაჩეჩეს ხელში "ბიძია თომას ქოხი." იმდენად მძიმე იყო ეს წიგნი რომ გონებამ არც დაიმახსოვრა მისი შინაარსი, თუმცა მძიმე ემოცია რაც ამ წიგნს უკავშირდება კარგად მახსოვს. მესამე და ასევე საკმაოდ მძიმე იყო მოთხრობა  : " ვანო და ფრინველები " არ მახსოვს ვისი მოთხრობა იყო, თუმცა წიგნს სადაც ეწერა "ბიჭო ვისი ხარ მალხაზო " ერქვა ) . მოკლედ ,ამბავი იმაზეა , რომ პატარა ვანო მიდის ქალაქში სასწავლებლად და ენატრება დედა.  მასთან  მოკითხას ფრინველებს აბარებს და ეუბნება წაიყვანონ ქალაქიდან...იმდენად მეცოდებოდა ეს ვანო რომ ცრემლებს ვერაფრით ვერ ვიკავებდი .. აი , ამ წამს გამახსენდა უმძიმესი მოთხრობა " თინას ლეკური " ... ამბავი მოხუც ქალზე , რომელიც ობლებს ზრდის და მიდის ქორწილში , რომ იქნებ და რამეს გამორჩეს ობლებისთვის. სადაც ცეკვის დროს იღუპება კიდეც :/ :/
მგონი საკმარისია მძიმე ემოციები და დადებითისკენ გადავინავცლო სჯობს.. ყველაზე სასიამოვნო წიგნად მახსოვს, ყველაზე უცნაური რამ რაც იმ პერიოდში შეიძლებოდა ხელში ჩავარდნოდა ადამიანის : " დედა,მამა, რვა ბავშვი და სატვირთო მანქანა ". კარგად არ მახსოვს მთელი შინაარსი წიგნისა, თუმცა მახსოვს რომ ერთხელ ბებია ესტუმრათ და ვინაიდან ,მისი მოსათავსებელი ადგილი არ ქონდათ პატარა ბინაში ,გადაწყვიტეს ჭაღზე დაეძინებინათ.. წიგნის შუაში სადაც ირკვეოდა ,ვინ და რატომ გაიტაცა ოჯახის სატვირთო მანქანა რამდენიმე ფურცელი ამოხეული იყო. მახსოვს რამდენს ვფიქრობდი ვინ იყვნენ დამნაშავეები. მოკლედ რომ მქონდეს ამ წიგნს კიდევ ერთხელ სიამოვნებით გადავიკითხავდი..
რაც ჩემით დავიწყე საკითხავი ლიტერატურის შერჩევა გადავედი ინდიელებზე, მეკობრეებზე, შერლოკ ჰოლმსზე (რაც დარწმუნებული ვარ უამრავი ბავშვის საყვარელი პერსონაჟი იყო ) ჟიულ ვერნის სათავგადასავლო წიგნები ხომ საერთოდ სხვა განზომილებაში მისვრიდა... რამდენჯერ დამთენებია მათი კითხვისას, რამდენჯერ მინატრია მოხვედრა ნაუტილუსზე კაპიტან ნემოსთან ერთად, ან თუნდაც უკაცრიელ კუნძულზე ხეტიალი...
მიუხედავად იმისა რომ ბევრი საყვარელი წიგნი მქონდა, გამორჩეულად მაინც ტომ სოიერის თავგადასავალი მიყვარდა. პირველად, 6 წლისას წამიკითხა დედამ.. და მას შემდეგ ერთი სული მქონდა კარგად მესწავლა კითხვა რომ მისთვის თავი აღარ მომებეზრებინა და ჩემით შემძლებოდა ამ სისქე წიგნთან გამკლავება.. მგონი კითხვა ტომის ხათრით ვისწავლე )).
არ ვიცი რამდნჯერ მაქვს წაკითხული,მაგრამ ფაქტია წიგნს ყდა აღარ აქვს, ფურცლებიც დათხელებულია. (არადა წიგნის მოვლა არავისგან მესწავლება, უბრალოდ კითხვაში შემომაცვდა. ) აქ ყველაფერი იყო რაც მიყვარდა. თავგადასავლები, გამოქვაბულები, გამოცანები, სიცელქე, ინდიელი ჯოც კი იყო..ხანდახან ეხლაც სიამოვნებით ვიხსენებ ხოლმე პირველ სიტყვებს
- ტომ!
პასუხი არ არის.
- ტომ!
პასუხი არ არის.
- რა დაემართა ამ ბიჭს? ტომ!..
და გრძელდებოდა ამბავი მურაბის ქურდ ბიჭზე ძალიან ჩამთრევად.
მეორე ჩემი საყვარელი წიგნი , საოცარი საჩუქარი იყო ჩემთვის. 1989 წელს (როცა 2 წლის ვიყავი ) დედამ "პიტერი და ვენდი " მომიტანა. მაშინ არ ვიცოდი ვინ იყო ბიჭი რომელსაც არ უნდოდა გაზრდა, არც მისტერ და მისის დარლინგებზე მქონდა არანაირი წარმოდგენა,მაგრამ როცა კითხვა დავიწყე ( და ტომ სიერიც გადაზეპირებული მქონდა ) ჩემი პირველი ფენტეზი წავიკითხე.. ალბათ ,ნებისმიერი ბავშვის საოცნებო წიგნი ასეთი უნდა იყოს.. ნევერლედი, პატარა სამყარო რომელიც სავსეა დაკარგული ბიჭებითა და მეკობრეებით, იდოელებითა და ქალთევზებით, ფერიებით და ცხოველებით. მოკლედ საოცნებო ადგილია ნამდვილად და მეც ისე შემიყვარდა ეს საოცნებო ადგილი რომ მეტი აღარ შეიძლება..
დღემდე მომყვებიან, ტომიც, ჰეკიც, პიტერიც, ვენდიც, ბასკერვილების ძაღლის შიშიც, გაურკვევლობა სატვირთო მანქანის გამტაცებელბის მიმართ , პრერიებში გაშლილი ვიგვამების მონატრება, მოკლედ წიგნების ის საოცარი სამყარო, რომელიც მილამაზებდა ბავშვობას 90 იანი წლების მძიმე პერიოდში და მადლობა მათ ავტორებს. წერო დიდებისთვის ალბათ რთულია,მაგრამ ბავშვებისთვის წერო ბევრად უფრო რთულია.

No comments:

Post a Comment