Sunday, April 15, 2012

იყო და არა იყო რა , იყო აღდგომა

ბავშვობაში, განსაკუთრებულად მიყვარდა აპრილის რამდენიმე დღე. ამ დროს სოფელში ავდიოდით, სადაც ბებია დიდ ქვაბში ჩემთვის ამოუხსნელ მცენარეებს ყრიდა ხახვის ფურცლებთან ერთად და რაღაცა ჯადოსნობით ქვაბში ჩაწყობილი თეთრი კვერცხები ფერს იცვლიდნენ. კვერცხებს მწვანილის ფოთლებსაც აკრავდა და ყველას სხვადასხვა მოხატულობა ჰქონდა. ქვაბიდან ამოღებული წითელი კვერცხები შრებოდნენ და მეც დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი, რომელი ამომერჩია. კვერცხის ამორჩევა ერთი დიდი რიტუალი იყო.. მას მთელი უბნის ბავშვების კვერცხები უნდა ჩამემტვრია, ამიტომაც ამ საქმეს დიდი გულისყურით ვეკიდებოდი.მას შემდეგ რაც ამ ამბავასაც მოვაგვარებდი , სახლში შეევარდებოდი, პასკის ნაჭერს დავავალებდი ხელს და ჯიბეში ჩაწყობილი კვერცხებით გავრბოდი გარეთ.. სანამ საფლავებზე ავდიდოდით ჯერ უბანში მიდიოდა ჭახა-ჭუხი და გამარჯვებულ დამარცხებულის გარკვევა.ზოგჯერ ჯიბეცარიელი ვბრუნდებოდი სახლში, ზოგჯერ ნაალაფარი დამტვრეული კვერცხებით ჯიბედატვირთული.მოკლედ ასე იყო თუ ისე , ეს დღეები ჩემთვის დღესასწაული იყო. იმისდამიუხედავად ,რომ არ ვიცოდი  ვინ აღსდგა, რატომ აღსდგა და რატომ ზეიმობდა ყველა. ჩემთვის ღმერთი და ქრისტე რომელსაც კარგა ხანს ერთიანობაში მოვიაზრებდი ერთი კეთილი კაცი იყო.. მეტი არაფერი ვიცოდი და დიდად არც ვინტერესდებოდი.. მეც და ჩემი ჯოხის ცხენიც , გოგობიჭებთან ერთად სოფლის სასფლაოზე დავრბოდით საფლავიდან საფლავზე. ოჯახიდან ოჯახზე, ნათესავიდან ნათესავზე და გვიყვარდა ერთი დღით გაცოცხლებული სასფლაო.
ახლა ბებია აღარ ღებავს კვერცხებს... ახლა ვიცი რომ ენდროს ფასი 50 თეთრიდან 2 ლარამდე მერყეობს (ადგილს გააჩნია, პრესტიჟულ უბანში უფრო ძვირია ) ახლა აღდგომა იმიტომ მიყვარს რომ შემიძლია მოვწყდე სამსახურს და დავისვენო,ახლა ჯოხის ცხენი მართლა ჯოხისაა სადღაც უკანა ეზოში მივიწყებული გდია, ახლა დედა ღებავს წითელ კვერცხებს რომ ბაბოს და ჩვენების საფლავებზე ავიტანოთ. ახლა მეზარება საფლავიდან საფლავზე გადასვლა და ერთი და იგივე ფრაზებით ადამიანების მოკითხვა. ახლა აღდგომა ერთი დიდი მოგონებაა რომელიც წლიდან წლამდე მტკივა, საფლავების სიმრავლის გამო. მიუხედავად ამისა, გილოცავთ ყველას. ისეთ აღდგომას როგორიც ეს თქვენს შეგნებაშია. ზოგისთვის ერთი კეთილი კაცის ამბავს, ზოგისთვის მარხვის გახსნილებას, ზოგისთვის ჭეშმარიტების გზას და ა.შ. 

1 comment:

  1. This comment has been removed by a blog administrator.

    ReplyDelete