Saturday, July 9, 2011

ელფების სიმღერა




                                 „მე ვგზავნი შენს წინაშე ჩემს  ანგელოზს,რომელიც                               
                                                                             განამზადევს შენს გზას „
                                                                      (ახალი აღთქმა  ლუკ.7.27)

 დილის შვიდი   საათი იქნებოდა როცა სამგზავრო გემი „უქრეფი“ პორტიდან გავიდა. დანიელი
ფანჯარასთან იდგა და უყურებდა , როგორ მიაცილებდნენ გემს საპატრულო კატარღები.
სასტუმრო სადაც ის განთავსდა ზემოდან გადაჰყრებდა საპორტო ქალაქს. ღამე განსაკუთრებით ლამაზი იყო მილიონი ციმციმა სინათლით სავსე ქალაქი, ყურადღებით თუ დააკვირდებოდით, ზღვაში გასული გემების შუქსაც გაარჩევდით  სიბნელეში. გემები ძირითადად თევზმჭერი  და ტვირთმზიდი იყო , თუმცა ხანდხან ქალაქს სამგზავრო გემებიც სტუმრობდნენ. ამ დროს მაცხოვრებლები სანაპიროზე პატარა დახლებს დგამდნენ და ზედ მანათობელი ნიჟარების მძივებს აწყობდნენ. მანათობელი ნიჟარები ღამე სუსტ შუქს გამოსცემდნენ , ზოგი იმასაც ამბობდა, რომ როცა მეთევზეები იძინებდნენ, ნიჟარები სიმღერას იწყებდნენ. სწორედ აქ ჩამოვიდა დანიელი . სასტუმროში მოთავსებისთანავე მის საყვარელ საქმიანობად გემების გაცილება იქცა. ყოველ დილით შვიდ  საათზე იღვიძებდა და ფანჯრიდან უყურებდა როგორ გადიოდნენ გემები ზღვაში. დღის დანარჩენ ნაწილს პორტში ატარებდა.ზოგჯერ მეთევზეებთან ერთად ნაპირზე იჯდა და მათ საუბარს უსმენდა. მეთევზეები ცოტას ლაპარაკობდნენ, თუმცა მისთვის ესეც საკმარისი იყო.
- სად მიდიან  ადამიანები?- ჰკითხა ერთხელ მეთევზს, რომლის გვერდითაც რამდენიმე საათი იჯდა.
- ადამიანები  ძირითადად  წრეზე დადიან, ამიტომაც ზოგჯერ მათი გზა არ ემთხვევა ჩვენსას და  გვგონია სხვაგან წავიდნენ, - მეთევზს თვალი არ მოუშორებია წყლის ზედაპირისთვის ისე უპასუხა.
- ნეტა, მეც ამცდა ვინმე? - თავის თავს უფრო შეეკითხა დანიელი
- მაგაზე დარდი არ ღირს. ადრე თუ გვიან მაინც მოხდება გზის დამთხვევა, ეს შენზე კარგად სამყარომ იცის როდის უნდა მოხდეს.
დანიელმა  პორტი მალევე დატოვა და სასტუმროს გზას გაუყვა. ცა ისე იყო მოღრუბლული, რომ მალე წვიმას დაიწყებდა. სასტუმროს ფოიეში მაგიდასთან მჯდარი პატარა ბიჭი დაინახა.
ბავშვს ხელში სათამაშო მანქანა ეჭირა და მაგიდის ზედაპირზე დაატარებდა. დანიელმა  ნომრის გასაღები მოითხოვა და ის ის იყო კიბეზე ფეხი შედგა რომ ზურგსუკან ხმა მოესმა
- იცი, ელფები კვდებიან კიდეც!
ხმის პატრონი ბიჭი  ისევ ისე დააგორიალებდა მანქანას მაგიდის ზედაპირზე და თან კაცს უყურებდა.
- ალბათ იცოდი, მე კი ეხლა გავიგე. გუშინ მითხრა ერთმა მგზავრმა რომელიც ქალაქში გემს ჩამოყვა.
- არა, არ ვიცოდი, – უპასუხა დანიმ – მაგრამ დღეიდან მეცოდინება, – ბავშვს გაუღიმა და კიბეზე  ავიდა.
ნომერში შესულმა საშინელი დაღლილობა იგრძნო, საწოლზე მიწვა და ჩაეძინა.
მთელი ღამე მკვდარი ელფები ესიზმრებოდა უცნაური, მშვიდი მელოდიის ფონზე. გამოღვიძებულმა გახსენება სცადა ,მაგრამ არ გამოუვიდა. აივანზე გავიდა და ისევ ჰორიზონტს დაუწყო ყურება. მეთევზეები იწყებდნენ ღია ზღვაში გასვლას.
- რას აკეთებ? – მოესმა ნაცნობი ხმა.
ეზოში ხის სკამზე ბიჭი იჯდა. ფეხებს ჰაერში აქანავებდა და დანის აივანს უყურებდა.
- გემებს ვაცილებ. რატომ არ გძინავს?
-მომწონს შენი თამაში. შეიძლება მეც გავაცილო ?
-კი ბატონო, – გაუღიმა დანიელმა
ბიჭი ადგილიდან მოწყდა და რამდენიმე წუთში უკვე ერთად იდგნენ აივანზე.
- ცუდია რომ ვერ ხედავენ როგორ ვუქნევ ხელს. დიდი ხანია ამ თამაშს თამაშობ?
- რაც ამ ქალაქში ჩამოვედი. ასე ვეჩვევი.
- რას გემების გაცილებას ?
- არა , ადამიანების გაცილებას.  ვდგავარ და ვუყურებ, სანამ თვალს არ მიეფარება გემი. ადამიანებთანაც ასევეა, დგახარ და უყურებ როგორ მიდის შენგან. ამიტომ ისღა დაგრჩენია, შეეჩვიო.
- მგონი სხვანაირად ჯობს. აი, მე როცა ეზოდან სახლში ავდივარ, ჩემს მეგობრებს ცოტა ხნით ვემშვიდობები და მერე ისევ ვაგრძელებთ თამაშს.
-ზოგჯერ ასეც ხდება,დროებითი დამშვიდობები.
საპორტო ქალაქში წვიმას იწყებდა.
- შენი სახელი რომ არ ვიცი ? – ჰკითხა დანიელმა ბავშვს
-ლენო, მაგრამ შენ თუ გინდა ელფი დამიძახე, - გაიცინა ბიჭმა.
- კარგი ელფო. არ გინდა ცხელი შოკოლადი დავლიოთ და გავთბეთ? -ბავშვმა თავი დაუქნია და ორივენი  სასტუმროს რესტრონისკენ წავიდნენ.
- შენზე ამბობენ რომ, მწერალი ხარ. რა არის ეგ ? - ჰკითხა ლენომ,მას შემდეგ  რაც ფინჯანი მოაცარიელა და ტუჩები მკლავით მოიწმინდა.
-ესეც თამაშია. წარმოდგინე ბევრი მანქანა გყავს და ბევრი სათამაშო. შენ მათ ამბებს, ისტორიებს უგონებ.
-მომწონს. მეც მინდა მწერალი ვიყო .
-ჰოო? რა უნდა დაწერო უკვე მოიფიქრე?
-კი. დავწერ რომ ელფები სიკვდილის წინ მღერიან და ესე ემშვიდობებიან ერთმანეთს.
- მგონი  ძალიან სევდიანი მწერალი იქნები, - გაუღიმა დანიელმა
ლენოს  არაფერი უთქვამს, ფეხსაცმელზე თასმის შეკვრით იყო უკვე დაკავებული.
რესტორნიდან პორტში წავიდნენ. ბავშვი ბორდიურებზე დადიოდა ასკინკილით.
- ხუთამდე თუ დავითვლი და არ ჩამოვვარდი ახალი მანქანა მექნება..
-ათამდე თუ დავითვლი და თვალებს არ გავახელ, გემით წავალ ამ ქალაქიდან..
-თუ ოცამდე დედას ვნახავ...
სანაპიროზე მეთევზეებთან ჩამოსხდნენ.
- ამაღამ ქალთევზები ამოვლენ ხმელეთზე, - ჩაილაპარაკა ერთმა მეთევზემ
- მალე წასვლის დრო მოვა. ქალაქმა იცის როდის გაგვაცილოს, - გაეპასუხა  მეორე.
ლენო  წამოდგა და სადღაც  გაიქცა.
- იცნობთ ამ ბიჭს? – ჰკითხა დანიმ  მეთევზეებს
- ერთად ჩამოხვედით ქალაქში.  ნაპირთან წყალში თამაშობდა როცა ტალღამ დაარტყა.. იქ კიდევ სჯერათ რომ გადაარჩენენ..
დანიელი  გაკვირვებული უყურებდა მეთევზეებს.
- აქ რა უნდა  თუ მკვდარია ?
-ყველა აქ მოდის ვინც ,იქიდან უკვე წამოვიდა.ცოტა ხნით ჩერდებიან და მერე ისევ აგრძელებენ გზას.
- მეც მკვდარი ვარ? - პასუხის მოლოდინში იგრძნო რომ სისხლის ნაცვლად გაყინული მასა დაუდიოდა ძარღვებში.
- სადღაც შუაში ხარ. უფრო სწორედ ამ წამებშიც ცდილობენ გადაგარჩინონ.
- კი მაგრამ გვირაბი? ხომ უნდა დამენახა რაღაც გვირაბი რომელსაც ჩემი სული გაივლიდა- ცდილობდა რაიმე ხავვს მოკიდებოდა.
მეთევზეები ახარხარდნენ.
- ყველა გადის თავის სიკვდილს გვირაბს სიცოცხლეშივე. აქ კი უფრო დამსვენებლებივით ჩამოდიან . სიკვდილი სიცოცხლისგან დასვენებაა.
- მერე რა ხდება? 
- ისვენებენ და უკან მიდიან. ახალი სახით და ცხოვრებით.  მხოლოდ ერთეულებს  ახსოვთ სად იყავნენ, უმეტესობას ავიწყდება.
- არ იცვლებიან?
- ადამიანები არ იცვლებიან. უბრალოდ იმდენად კარგად თამაშობენ  შეცვლას რომ ბოლოს თვითონვე იჯერებენ.
მეთევზეებმა ანკესები წამოკრიფეს და ნაპირიდან გაუჩინარდნენ. დანიელი  ადგილზე დარჩა. უყურებდა ჰორიზონტზე მოფანტულ გემებს და ფიქრობდა. არ აინტერესებდა რისგან მოკვდა, უფრო გზის გაგრძელებაზე ფიქრობდა. რისთვის დაბრუნდეს ? იმ სამყაროში კარგა ხანია ცოცხალი მკვდარი იყო. ცხოვრობდა რეფლექსების დონეზე, მორგებული ნიღბით და იმდენად კარგად შეეთვისებინა ეს ნიღაბი სახიდან აძრობაც კი უჭირდა . იტალიურ ეზოში, პირველი სართულის ნესტისგან დაობებული  ორიოდე წიგნი, გადასახადების რამდენიმე ქვითარი და ერთ-ორი ადამიანისთვის სამყოფი მოგონება - აი რა დარჩებოდა მისგან.
ნელა წამოდგა და ნაპირს გაუყვა. გადაწყვიტა რომელიმე მეთევზე ეპოვნა.
- მინდა  ამაღამ გარდავიცვალო, - უთხრა ერთ-ერთს რომელიც უკვე წასასვლელად ემზადებოდა
- გემი დილის 7 საათზე გავა, პორტში იყავი.
დანიელი  სასტუმროში დაბრუნდა.ზღვა ნელ-ნელა იწყებდა ნაპირზე ამოსვლას. მეთევზის ნათქვამი გაახსენდა ქალთევზებზე. აივნის კარი ღია დატოვა და ოთახში დაბრუნდა. თავის ცხოვრებას იხსენებდა და გული სწყდებოდა. რამდენი გაფანტული დრო, დაკარგული ადამიანი, ხელიდან გაშვებული მომენტი იყო. გარდაცვალება ცხოვრების ხელახლა დაწყების ერთადერთ  შანსს აძლევდა წაშლილი მეხსიერებით. იქნებ ეხლა მაინც მოეხერხებინა ეცხოვრა და არა ინსტიქტურად გაჰყოლოდა დროის დინებას.
ამ ფიქრებში ჩაეძინა კიდეც.უსიზმროდ ეძინა, კარებზე კაკუნის ხმამ გამოაღვიძა.
კარგის ზღურბლზე ლენო იდგა.
- მოდიხარ ? ჰკითხა და თავი პორტისკენ გაიქნია.
კიბეები ჩაირბინეს და ცოტა ხანში უკვე გემის ბაქანზე იდგნენ.
- მოიფიქრე უკვე ვინ იქნები ? – ჰკითხა ბავშვმა .
- არა , ჯერ არა , შენ? დანიელი  ქალაქს უკვე გემიდან უყურებდა და ხედავდა როგორ ბაცდებოდა თანდათან.
- შეხედე, ქალაქი ზღვაში ჩავიდა, – პასუხს თავი აარიდა ლენომ.
ქალთევზები ნაპირზე ისხდნენ, მეთევზეები ანკესებს ისვრიდნენ წყალში და უსმენდნენ როგორ მოჰქონდა ნიავს შორიდან ელფების ბოლო სიმღერა.
 - გვამი მორგში გადაასვენეთ, - ჩაიბურტყუნა რეანიმაციიდან გამოსულმა ექიმმა და კაბინეტში შევიდა.
-ის ბავშვიც დაიღუპა ამ დილით, რომლის გადარჩენასაც ეს უბედური ცდილობდა, - ექთნებმა საკაცეზე დასვენებული გვამი ჭორაობით გამოიაგორეს ოთახიდან და მორგის გზას გაუყვნენ.

მარი თინაშვილი 

2 comments: